ეუთო/ოდირ-ი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაცია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს სამოქალაქო საზოგადოების მუშაობის შემზღუდავ კანონმდებლობასა და მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავებებთან დაკავშირებით.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რვა წამყვანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს, რომელთა უმრავლესობას პატიმრობა მიუსაჯეს. ასევე, ბოლო თვეებში ათეულობით მომიტინგე დააკავეს.
„ჩვენ ღრმა შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ბოლოდროინდელ დაკავებებსა და გასამართლებებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააუქმოს ბოლოდროინდელი კანონმდებლობა, რომელიც ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმურ მუშაობას. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები დემოკრატიისა და კანონის უზენაობის საფუძველია“, – აღნიშნულია ეუთო/ოდირ-ის დირექტორის, მარია ტელალიანის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეუთო/ოდირ-მა გასულ წელს იურიდიული შეფასების ჩარჩოებში საქართველოს ურჩია, გაეუქმებინა ე.წ. უცხოური აგენტების კანონი და გაფრთხილა, რომ ახალი კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობას შეზღუდავდა.
ამასთან, ეუთო/ოდირ-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ოფისის მოწვევას მომავალი ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად. ეს წარმოადგენს გამონაკლისს საქართველოს ბოლო ოცი წლის განმავლობაში მუდმივი პრაქტიკისგან“.
მიუხედავად ამისა, ეუთო/ოდირ-ში აცხადებენ, რომ მზად არიან სადამკვირვებლო მისიის გასაგზავნად, „თუ ხელისუფლება დროულად გამოაგზავნის მოწვევას გამჭვირვალობისა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი საზოგადოებრივი ნდობის ამაღლების მიზნით“.