ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიურო ბელარუსში 26 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლებს არ გაგზავნის.
ამის შესახებ ბიუროს პრესსამსახური ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„არჩევნებამდე10 დღით ადრე ბელარუსისგან მოწვევა არ აძლევს ოდირს საშუალებას მიიღოს წვდომა საარჩევნო პროცესის საკვანძო ეტაპებზე, რაც შეუძლებელს ხდის შინაარსობრივ დაკვირვებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, მინსკიდან დამკვირვებლების მიწვევა დაგვიანებით მოხდა. ამასთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ განცხადება 9 იანვარსაც გამოაქვეყნა, სადაც გამოხატა სინანული, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ ეუთო-ს დამკვირვებლები საპრეზიდენტო არჩევნებზე არ მიიწვია.
„ღრმად ვწუხვართ, ბელარუსის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, არ მიეწვია ეუთო-ს წევრი სახელმწიფოები ODIHR-ის მეშვეობით მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად, რაც ქვეყნის მოქალაქეებს პროცესის გამჭვირვალე და სრულ შეფასების გარეშე ტოვებს“, – განაცხადა ოდირის დირექტორმა, მარია თელალიანმა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა, პია კაუმამ კი განაცხადა, რომ მინსკი ვალდებულია მიიწვიოს არჩევნებზე დამკვირვებლები ეუთო-ს სხვა ქვეყნებიდან, რადგან ხელი აქვს მოწერილი 1990 წლის კოპენჰაგენის დოკუმენტისთვის.
ეუთო-ს 9 იანვრის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს უკვე მესამე შემთხვევაა 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ODIHR-ს არ შეუძლია დააკვირდეს არჩევნებს ბელარუსში დროული მიწვევის არარსებობის გამო.
თავის მხრივ, აშშ-ში განაცხადეს, რომ ბელარუსში დაგეგმილი „არჩევნები არ არის სანდო“. სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც გმობს „ფიქტიურ არჩევნებსა და განგრძობად რეპრესიებს ბელარუსში“. სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ „ლუკაშენკოს რეჟიმს საკუთარი ხალხის ეშინია“.
ცნობისთვის, ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის ხუთი კანდიდატი დაარეგისტრირა. არჩევნები მასშტაბური რეპრესიების ფონზე ტარდება, რომლებიც 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ შეწყვეტილა. საზღვარგარეთ მცხოვრებ ბელარუსებს 2022 წლიდან აღარ აქვთ შესაძლებლობა, ხმა მისცენ ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 ინვარს „ფეისბუქში“ დაწერა, რომ გაუგზავნის მიწვევას ოდირს არჩევნებზე დაკვირვებისთვის. მინსკში ასევე აღნიშნეს, რომ დღეისათვის ცესკო-მ აკრედიტაცია 49 ქვეყნიდან 456 საერთაშორისო დამკვირვებელს მიანიჭა. მათივე ინფორმაციით, მიწვევები უკვე მიიღეს დსთ-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა და საპარლამენტთაშორისო ასამბლეამ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეამ, სამოკავშირეო სახელმწიფოს საპარლამენტო კრებამ, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციამ.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 26 იანვარს ჩატარდება.