
ესტონეთი უკრაინას 10 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას და სამხედროებისთვის 750 000 სასურსათო პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კრისტენ მიხალი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„უკრაინის პოზიციების გასაძლიერებლად და რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად ესტონეთი უგზავნის 10 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას და 750 000 სასურსათო პაკეტს უკრაინელი მებრძოლებისთვის. პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, ამას დაემატება 100 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ჩვენი, საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიის პროდუქტი“, – წერს ესტონეთის პრემიერი.
კრისტენ მიხალი ხაზს უსვამს, რომ უკრაინას ყოველთვის შეუძლია ესტონეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.
„უკრაინის გადასაწყვეტია საკუთარი მომავალი. ყოველთვის შეგიძლიათ ესტონეთის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ“, – წერს კრისტენ მიხალი.