
ევროკავშირმა დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დაახლოებით, სამიოდე თვის წინ მიიღო. ესტონეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და იქ ეს გადაწყვეტილება ავტომატურად მოქმედებდა. ამის ახლიდან მიღება საჭირო აღარ იყო, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ესტონეთის მიერ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების ფაქტზე საუბრისას.
მისივე თქმით, აღნიშნულით საქმე გვაქვს პროპაგანდისტულ ნაბიჯებთან.
„მათ მიზანი თვითმმართველობის არჩევნების წინ სიტუაციის ესკალაციაა, რომ ვითარება ორი მიმართულებით წავიდეს – არჩევნები არ შედგეს და ამით თქვან, რომ დემოკრატიის უკუსვლაა ან არჩევნებზე ზეგავლენა მოახდინონ.
ევროკავშირმა დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დაახლოებით, სამიოდე თვის წინ მიიღო. ესტონეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და იქ ეს გადაწყვეტილება ავტომატურად მოქმედებდა. ამის ახლიდან მიღება საჭირო არ იყო, მაგრამ იმიტომ, რომ რაღაც თემა მუდმივად ჰქონდეთ საქართველოს წინააღმდეგ ცეცხლზე შემომდგარი, საქართველო რომ მუდმივად ცეცხლზე ჰყავდეთ შემოდგმული, ასეთ განცხადებებს აკეთებენ.
ალბათ, ახლა ლიეტუვა გააკეთებს ან რომელიმე ბალტიისპირული ქვეყანა და ასე შემდეგ. ასე, რომ საზოგადოებასაც და ხელისუფლებასაც უკვე ამის მიმართ ერთგვარი იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული. სამწუხაროა, თუმცა ასეა. მოვლენები შეიცვლება ძალიან სწრაფად, როდესაც ამის გეოპოლიტიკური საჭიროება აღარ იქნება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, არავინ დაგიდევთ, საქართველოში რეალურად როგორი დემოკრატიაა, ან როგორი რეფორმები ხორციელდება, როგორი მაჩვენებლებია.
„რა უნდათ – ეს არის მათთვის მთავარი. დღეს უნდათ შენგან მსხვერპლი, მოგიწოდებენ აქეთკენ; ენდომებათ თანამშრომლობა – უცებ აღმოჩნდება, რომ თურმე, საქართველოს ყველა მონაცემი რა კარგი აქვს და თანამშრომლობის გაგრძელება შეიძლება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.