„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალება პოლარიზაციის გაღრმავებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. კობახიძემ სტრასბურგში ნიკა გვარამიას სტუმრობა შეაფასა და განაცხადა, რომ მათი [გვარამია და ევროპარლამენტარების ნაწილი] მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა.
„როდესაც პრეზიდენტმა ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ ვთქვი, რომ ეს იყო პოლარიზაციის გაღრმავებისკენ გადადგმული ნაბიჯი. მაშინ, როდესაც მოწოდებები არის დეპოლარიზაციისკენ, ეს პირიქით, ხელს შეუწყობს პოლარიზაციის გაღრმავებას. ვნახეთ, თუნდაც ის ვიზიტი, როდესაც ბატონი გვარამია მიწვეული იყო და ვინ იყვნენ მასპინძლები. კარგად გვახსოვს, ეს ადამიანები რა განცხადებებს აკეთებდნენ საქართველოსთან მიმართებით, რა განცხადებებს აკეთებდნენ სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით – სტატუსის საპირწონედ კრიმინალ სააკაშვილის გათავისუფლებას აყენებდნენ და ამაზე პირდაპირ საუბრობდნენ. ჩვენთვის ყველაფერი ნათელია – ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აბსოლუტურად სხვა მიზანი აქვთ. ესენი არ არიან საქართველოს მეგობრები, მათ აქვთ კონკრეტული მიზანი საქართველოსთან მიმართებით, ეს არის ხელისუფლების ცვლილება. არ აქვს მნიშვნელობა, ეს როგორი გზით იქნება. მათთვის არადემოკრატიული ქმედებებიც მისაღებია, მთავარია მიზანს მიაღწიონ, მაგრამ მინდა იმედები გავუწბილო მათ და ვუთხრა, რომ არაფერი გამოუვათ. მათი ქმედებები და ის რადიკალიზმი, რაც ამ ადამიანებისგან მოდის, ყოველთვის მარცხისთვის არის განწირული“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც ცნობილია, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ შეიწყალა, ევროპარლამენტარების მიწვევით სტრასბურგში იმყოფებოდა. გვარამიამ 12 ივლისს, რამდენიმე ევროპარლამენტართან, კერძოდ – ანა ფოტიგასთან, ვიოლა ფონ კრამონთან, მარიამ ლექსმანთან და პეტრას აუსტრევიჩუსთან ერთად ბრიფინგიც გამართა.