,,ეს ტექნიკური გადაწყვეტილებაა – დავაკვირდებით, რომელი ქვეყანა როგორ აღასრულებს ევროკავშირის საბჭოს ამ გადაწყვეტილებას”- მაკა ბოჭორიშვილი

97
spot_img

თუ ევროკავშირის მხარე დიპლომატებს, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ეტყვის იმას, რომ ისინი თურმე საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ წესრიგს ევროკავშირში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ეს მოკლებული იქნება რაიმე საფუძველს და იმ მიზანს, რომ ევროკავშირის მხრიდან დავინახოთ მზადყოფნა საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას შეეხებოდა.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ეს იქნება ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობებს და მიმართული იქნება ამ ურთიერთობების გაუარესებისკენ და არა გაუმჯობესებისკენ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერება ტექნიკური გადაწყვეტილებაა.

„ეს არის ტექნიკური გადაწყვეტილება. დავაკვირდებით, რომელი ქვეყანა როგორ აღასრულებს ევროკავშირის საბჭოს ამ გადაწყვეტილებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ურთიერთობები უფრო დიდ სურათში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.