ეს სამი პოლიტიკური ფიგურა: ბიძინა ივანიშვილი, რობერტ ფიცო და დონალდ ტრამპი იბრძვის მშვიდობისთვის და ტრადიციული ცხოვრებისთვის – შესაბამისად, ბუნებრივად დამაჯერებელია ის, რასაც სუს-ი ამბობს – მაჭარაშვილი

25
spot_img

პარტია “ხალხის ძალის” დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სუს-ის მიერ გავრცელებული განცხადება “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მოწყობასთან დაკავშირებით, “ბუნებრივად დამაჯერებელი ხდება” იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მოხდა თავდასხმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე – რობერტ ფიცოზე და აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატზე – დონალდ ტრამპზე.

მაჭარაშვილის განმარტებით, როგორც ბიძინა ივანიშვილი, ისე დონალდ ტრამპი და რობერტ ფიცო “მშვიდობისთვის და ტრადიციული ცხოვრებისთვის” იბრძვიან.

„არაერთხელ გვინახავს უსაფრთხოების სამსახურის პრევენციული ხასიათის განცხადება, მათ შორის, მათი ქმედებები, რომლითაც, პრაქტიკულად, ქვეყანამ თავიდან აირიდა არაერთი რადიკალური პროცესი, რევოლუციური სცენარი და ტერორისტული აქტი. თან ეს, სხვათა შორის, პირდაპირ ეთერში ბევრჯერ დაუდასტურებია სემინარის ხელმძღვანელებს, რომლებიც ამ სემინარებს ახალგაზრდებისთვის და რევოლუციური სცენარების განვითარებისთვის ატარებდნენ საქართველოში. ამიტომ, ამ შემთხვევაშიც, ბუნებრივად ხდება დამაჯერებელი, რაც უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებასთან დაკავშირებით. თუ გადავავლებთ თვალს მსოფლიოს – ბოლო ორ თვეში სლოვაკეთის პრემიერი, შტატების ყოფილი პრეზიდენტი და კანდიდატი, ბიძინა ივანიშვილი. ეს სამი პოლიტიკური ფიგურა იბრძვის მშვიდობისთვის და ტრადიციული ცხოვრებისთვის. შესაბამისად, ბუნებრივად დამაჯერებელია ის, რაც სუს-მა თქვა”,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სუს-ი იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.

ასევე შეგახსენებთ, მაისში შეიარაღებულმა მამაკაცმა რობერტ ფიცოს 5-ჯერ ესროლა, როდესაც ის ქალაქ ჰენდლოვაში მხარდამჭერებს ხვდებოდა. მან მრავლობითი ჭრილობები მიიღო და ორი ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა.

დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა.