ეს ქვეყანა ამოვაგდეთ მუდმივი ომების დაწყევლილი წრიდან და აღარ ვაქციეთ სხვათა გეოპოლიტიკური თამაშების იარაღად – შალვა პაპუაშვილი

6
spot_img

უსამშობლო ოპოზიციისგან განსხვავებით, ვმოქმედებთ თქვენი ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების საამებლად, ეს ქვეყანა ამოვაგდეთ მუდმივი ომების დაწყევლილი წრიდან და აღარ ვაქციეთ სხვათა გეოპოლიტიკური თამაშების იარაღად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ზუგდიდში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, მმართველმა გუნდმა სახელმწიფოში სხვადასხვა მიმართულებით წარმატების მიღწევა მოახერხა, ვინაიდან, ოპოზიციისგან განსხვავებით, უარი თქვა სხვების გეოპოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობაზე და საკუთარი ხალხის ინტერესები დააყენა პირველ ადგილზე.

„ჩვენი ერთად დგომით შევძელით, რომ გავანახევრეთ უმუშევრობა და სამჯერ შევამცირეთ სიღარიბე, რის შედეგადაც თითქმის ნახევარმა მილიონმა ადამიანმა უკვე დაძლია სიღარიბე; ეკონომიკური ზრდის ტემპებით არა თუ რეგიონში, ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზე ვართ – გასამმაგებული ეკონომიკით, გასამმაგებული ბიუჯეტით, გასამმაგებული საშუალო ხელფასით. კანონის უზენაესობით, კორუფციის სიმცირით, ეკონომიკური თავისუფლებით ვართ არა მხოლოდ რეგიონის ნომერ პირველი სახელმწიფო, არამედ ვუსწრებთ ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას და რიგ შემთხვევაში ევროკავშირის წევრებსაც კი.

ასეთი საქართველო ავაშენეთ სულ რამდენიმე წელში. ავაშენეთ იმიტომ, რომ განსხვავებით უსამშობლო ოპოზიციისგან, ვმოქმედებთ თქვენი ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების საამებლად; ავაშენეთ იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ამოვაგდეთ მუდმივი ომების დაწყევლილი წრიდან, და აღარ ვაქციეთ სხვათა გეოპოლიტიკური თამაშების იარაღად; ავაშენეთ იმიტომ, რომ პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში დავაბრუნეთ – რწმენა, ტრადიცია, სამშობლო, სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესი – იდეალები, რომლებსაც ესწრაფოდა ჩვენი მშობლების თაობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.