
ჭეშმარიტება ყოველთვის არის რაღაც პრინციპი, სტანდარტი და კონკრეტული მოცემულობა. ადამიანები ვერასდროს ვერ იქნებიან ამ ჭეშმარიტების მთავარი ფიგურანტები. მარტა კოსი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, რომლებთან მიმართებითაც არაერთხელ მოგვისმენია უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდებები და კრიტიკა, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ევროპელი ლიდერების განცხადებებზე საუბრისას.
„ეს ყველაფერი დროებითია და ეს ადამიანები იცვლებიან, თუმცა არ შეიცვლება ის პრინციპი, რომ საქართველომ უდიდეს წარმატებას მიაღწია დემოკრატიული პრინციპების ჩამოყალიბებაში, ადამიანის უფლებების განმტკიცებაში, სასამართლო სისტემის, კანონის უზენაესობის, მედიათავისუფლების და სხვა საკითხებში. არავის გაგვიკვირდება, რომ უცხოელი აქტორები როდესაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს ტაშს უკრავდნენ და სააკაშვილს დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ, მათი გადმოსახედიდან რომ ჩვენი პოლიტიკა არ იყოს მოსაწონი, ამაში გასაკვირი არაფერია.
უსტანდარტობა აქვთ, როდესაც ქალბატონ რასას მადლობას უხდის თავისი აქტივიზმისთვის, რომელიც იბრძვის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოხსნისთვის. ადამიანი, რომელიც მთელი ქართველი ერის წინაშეა დამნაშავე და მან პოლიტიკური და სამართლებრივი სასჯელი უნდა მოიხადოს და მან და მისი გუნდის წევრებმა ვერასდროს ვერ უნდა მოახერხონ პოლიტიკური რეაბილიტაცია ამ ქვეყანაში.
მარტა კოსის მადლობა, რომელიც მიემართებოდა რასას, კიდევ უფრო კარგად გვაჩვენებს რა მიზანი აქვს ქალბატონ მარტას. სამწუხაროა, როდესაც ადამიანი, რომელიც ამხელა ევრო სტრუქტურას ხელმძღვანელობს, ასეთ განცხადებებს აკეთებს. ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებს, რომ საქართველოში დემოკრატიის უმაღლესი ხარისხია.
ჩვენ ბავშვობიდან სისხლში გვქონდა გამჯდარი, რომ დასავლური ხარისხი და სტანდარტი სულ სხვა რაღაცას გვეუბნება. ამ დროს ვხედავთ, რომ სწორედ დასავლეთს შეუძლია დაასანქციროს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, ან სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი იმისთვის, რომ მათ შესაძლოა განსხვავებული დამოკიდებულება ან პოლიტიკური გემოვნება აქვს. კერძო მედიის, „იმედის“ მფლობელი დაასანქციროს და დოკუმენტში ეწეროს, სანქცირდება იმიტომ, რომ სახელისუფლებო პოლიტიკას ატარებს. სად არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, სად არის იმის თავისუფლება, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი პოლიტიკური თავისუფალი მრწამსის შესაძლებლობა. გასაკვირი არაფერია, მაგრამ სამწუხაროა, რადგან ევროსკეპტიციზმს ძალიან აღრმავებს ეს ყველაფერი“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.