„მოსახლეობა კარგად ხედავს იმ ხელშესახებ ცვლილებებს, რომლებიც გამწვანებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით დედაქალაქში განხორციელდა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მან ასევე, გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით დედაქალაქში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები შეაჯამა.
„დედაქალაქის ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, რა თქმა უნდა, გაიზარდა კონკრეტული, პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსებაც, რაც საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება დედაქალაქის, როგორც ვიზუალურ მხარეზე, ისე მოქალაქეების ცხოვრების ყოველდღიურ ხარისხზე. მეტი გამწვანებული სივრცე, ტყე თუ სპორტული მოედანი, ავტომატურად ნიშნავს ჰაერის გაუმჯობესებულ ხარისხს, დასვენებისა თუ გართობის მეტ შესაძლებლობას, სიმშვიდესა და სილამაზეს ჩვენს დედაქალაქში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, რეკრეაციული სამუშაოების ჩასატარებლად მუნიციპალიტეტს დიდი ძალისხმევის გაღება უწევს გასხვისებული ტერიტორიების გამოსასყიდად.
„ჩვენთვის იმდენად პრიორიტეტულია გამწვანებული სივრცების მოწყობა, მოსახლეობის საკეთილდღეოდ აღნიშნულ მოლაპარაკებებზე მივდივართ. ბევრი ტერიტორიის დაბრუნება მოგვიწია. ცუდი პრაქტიკა იყო. 2017 წლამდე ხდებოდა რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების გასხვისება, რომ შემდეგ სამშენებლო სამუშაოები ჩატარებულიყო. ასეთი იყო ვაკის პარკის, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია და ა.შ. ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს. მაგალითად, დიღმის ტყე-პარკის ტერიტორია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა დედაქალაქის განვითარების პროცესში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა.