“ეს პროექტი ამ ქალაქისთვის იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი” -რევაზ სოხაძე „ლაგუნა ვერეს“ შესახებ

131
spot_img

არსებული პროექტით ჩვენ ვიღებთ აბსოლუტურად მოწესრიგებულ გარემოს. ვიღაცას მოსწონს, თუ არა კონკრეტული იერსახე, სართულიანობა, ამაზე შეგვიძლია ვიდავოთ და შეთანხმებას ვერასდროს მივაღწევთ. მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი ამ ქალაქისთვის იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ ჟურნალისტებს საკრებულოში განუცხადა.

იგი ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე, 2 მლნ კვადრატულ ფართობზე დაგეგმილ სამშენებლო პროექტს ეხება.

„აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა მოვიდეს დედაქალაქის მერი კონკრეტულ განაშენიანების რეგულირების გეგმებთან დაკავშირებით?! ეს არის პოლიტიკური მანიპულაცია. მაგალითად, როდესაც „ლაგუნა ვერეს“ პროექტზეა საუბარი, არავინ საუბრობს იმას, რომ დღეს იქ არსებობს შენობები, ისტორიულად არსებობდა იქ ფაბრიკა, უამრავი ბენზინგასამართი სადგურია მაგალითად იმ ტერიტორიაზე და დღეს თუ რაიმე სატრანსპორტო კოლაფსს ქმნის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე, არის სწორედ ეს ქაოსური განაშენიანება.

დღევანდელი პროექტით ჩვენ ვიღებთ აბსოლუტურად მოწესრიგებულ გარემოს. ვიღაცას მოსწონს, თუ არა კონკრეტული იერსახე, სართულიანობა, ამაზე შეგვიძლია ვიდავოთ და შეთანხმებას ვერასდროს მივაღწევთ. მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი ამ ქალაქისთვის იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავი ობიექტი“, – აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

ხვალ თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართება, რომელზეც თბილისში დაგეგმილი მშენებლობების პროექტებს განიხილავენ. ოპოზიცია კახა კალაძის მისვლას ითხოვს და მერს ურბანული განვითარების გეგმის დარღვევაში ადანაშაულებს.