ყველა სხვა სახელმწიფოს უნდა, რომ თავისი ინტერესი გაატაროს, ეს ნებისმიერი სახელმწიფოს და მით უმეტეს, დიდი სახელმწიფოების ინტერესებშია – ეს გასაგებია ჩვენთვის, მაგრამ მისაღები არ არის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებაზე გარკვეული ზეწოლა დღესაც გრძელდება და ბრძოლა ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმდინარეობს.
მისი შეფასებით, დღეს შუა დერეფნის საკითხი უკვე რეალურია, რასაც საქართველოსთვის დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური წონა აქვს.
„როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და პირდაპირი შეტევა ხორციელდებოდა ხელისუფლებაზე, რაც დღესაც გრძელდება, ეს არის პირდაპირი ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ.
ერთი და იგივე შინაარსის მქონე კანონი, რომელიც გაცილებით მკაცრია ისრაელსა და ამერიკაში, რომელიც მიიღეს საფრანგეთში, დააინიცირეს სერბეთში, კანადაშიც არსებობს და ა.შ. თანაც, ბევრი სახელმწიფო აპირებს მის მიღებას მას შემდეგ, რაც საქართველომ მაგალითი ვაჩვენეთ, მიუხედავად დიდი ზეწოლისა, შევძელით, ეროვნული კანონის მიღება, რაც ნიშნავს იმას, რომ შენ, როგორც სრულუფლებიან სუბიექტს ისე შემოგხედავენ.
ყველა სხვა სახელმწიფოს უნდა რომ თავისი ინტერესი გაატაროს, ეს ნებისმიერი სახელმწიფოს და მით უმეტეს, დიდი სახელმწიფოს ინტერესებია – ეს გასაგებია ჩვენთვის, მაგრამ მისაღები არ არის. გასაგებია დიდი სახელმწიფოს ინტერესი, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენა ჰქონდეს, მეტიც, მისი წარმომადგენელი იყოს საქართველოს ხელისუფლებაში.
ჩვენ დღეს ვნახეთ, რომ უდიდესი ეკონომიკური პროექტის, შუა დერეფნის საკითხი უკვე რეალურია, რადგან დღეს პირველი ტრანზიტი განხორციელდა, მათ შორის სახმელეთო მიმართულებით. საზოგადოებამ უკვე ნახა, რომ ჩინეთი, საქართველო, აზერბაიჯანი და ევროკავშირი, ხელშეკრულების საფუძველზე, უკვე იწყებენ ამხელა დერეფნის პრაქტიკაში განხორციელებას – ეს არის უდიდესი მონაპოვარი ეკონომიკური კუთხით, რომელიც პოლიტიკური წონის ხდება – საქართველო ხდება უდიდესი მნიშვნელობის მქონე ისეთი გიგანტი ქვეყნისთვის, როგორიც არის ჩინეთი, ისეთი სტრატეგიული ქვეყნისთვის, როგორიც აზერბაიჯანია და ასევე ევროკავშირისთვისაც, რომელიც ჩვენ გვეუბნებოდა, თუკი “გამჭვირვალობის კანონს” მიიღებთ დაგასანქცირებთო. ამ დროს ვიცით, რომ გამჭვირვალობის კანონი და შენი დამოუკიდებლობა იმისთვის არის საჭირო, რომ შენ გქონდეს მოლაპარაკება ჩინეთთან, აზერბაიჯანთან და ევროკავშირთან.
ეს პირველი ეტაპი გადალახულია – დღეს საქართველოს მთელი მსოფლიო უყურებს და დაინახეს, რომ საქართველო, როგორც ეროვნული სახელმწიფო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, შედგა, რომელთანაც შეიძლება მეგობრობა, რომელმაც იცის, რას ნიშნავს მოყვარე და რას ნიშნავს მტერი”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.