
ეს „მეგობარი აქტია“, თუ თვალთმაქცობის აქტი? სხვა, ნებისმიერი აქტი შეგვიძლია ვუწოდოთ. სახელი „მეგობარი აქტი“ ამ დოკუმენტს ნამდვილად არ ესადაგება, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა სენატში, მომავალ კვირას დაგეგმილ „მეგობარი აქტის“ განხილვის საკითხზე საუბრისას.
მათიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ამერიკელ ჯარისკაცებს, რომლებიც ქართველ მებრძოლებთან ერთად იბრძოდნენ ნატოს ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო მისიებში, ნამდვილად არ ესმით მეგობრობა ისე, როგორც ეს ესმის ჯო უილსონს, რომელმაც მისი კარიერის მანძილზე 200-ზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა და ერთადერთი იქცა საკანონმდებლო აქტად – მათიკაშვილის თქმით, შედეგად, ერთ-ერთ შტატში საფოსტო განყოფილებებს სახელწოდებები შეეცვალათ.
„200 ინიციატივიდან სხვა მისი არც ერთი არ ქცეულა აქტად. გამოვთქვამ იმედს, რომ აშშ-ის საკანონმდებლო ორგანო ბევრად უფრო შორს მჭვრეტელი იქნება, განსაკუთრებით, „რესპუბლიკური“ ფრთა და იმ აქტს, რომელსაც მეგობრობის გარდა ყველაფერი შეიძლება დავარქვათ და საფუძველს ანტი მეგობრობას უყრის, ბუნებრივია, ამ აქტთან დაკავშირებით ფრთხილად იქნებიან და მის მისაღებად სრულიად გაუგებარ, არამეგობრულ ნაბიჯს არ გადადგამენ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.