აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმებული მარშრუტი “ტრამპის დაქირავებული მებრძოლების სასაფლაოდ იქცევა”, ეს პოლიტიკური შეთქმულებაა ირანისა და სხვა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ. ამის შესახებ ირანის უზენაესი ლიდერის მთავარმა მრჩეველმა, ალი აკბარ ველაიათიმ ირანულ გამოცემა Tasnim-თან საუბარში განაცხადა.
ველაიათის თქმით, აზერბაიჯანის ნახიჩევანის ანკლავის ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან დამაკავშირებელი მარშრუტი, რომელიც სომხეთ-ირანის საზღვრის გასწვრივ აშენდება, “დონალდ ტრამპის დაქირავებულ მებრძოლთა სასაფლაოდ იქცევა, და არა მარშრუტად, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ეკუთვნის”.
ირანის უზენაესი ლიდერის მთავარი მრჩევლის აზრით, დერეფანი “რეგიონის გეოპოლიტიკას შეცვლის, საზღვრებს გადახაზავს და სომხეთის დაშლას გამოიწვევს”.
“შედეგად, ირანი დაჟინებით ამტკიცებს, რომ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების შესაბამისად იმოქმედებს, რუსეთთან ერთად ან მის გარეშე. გვჯერა, რომ რუსეთი ასევე სტრატეგიულად ეწინააღმდეგება ამ დერეფანს,” – განაცხადა ველაიათიმ.
ირანის უზენაესი ლიდერის თქმით, აღნიშნული დერეფანი არა ჩვეულებრივი სავაჭრო მარშრუტი, არამედ პოლიტიკური შეთქმულებაა ირანისა და “სხვა მეზობელი ქვეყნების” წინააღმდეგ.
“თურქეთის გარდა, რომელიც ნატოს წევრია, ნატოს სხვა ქვეყნებსაც სურთ ამ რეგიონში წარმომადგენლობა. ნატოს სურს გველივით იწვეს ირანსა და რუსეთს შორის, მაგრამ ირანი ამას არ დაუშვებს,” – განაცხადა აიათოლას მთავარმა მრჩეველმა.