
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო, მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდნენ “ლელოს” ლიდერები, რომლებმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვეს.
კოლეგების მხრიდან ბულინგისა და ზეწოლის მიუხედავად, “ძლიერი საქართველო”, მარათონში მონაწილეობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას არ ცვლის. ამბობენ, რომ ყოფილი პარტნიორების აზრი მათზე გავლენას ვერ მოახდენს.
“ჩვენს მიდგომაში არანაირი ცვლილება არ არის. ჩვენ არ ვაპირებთ, ვიყოთ ოპოზიციის ოპოზიცია. ჩვენ ავირჩიეთ ჩვენი გზა – ბრძოლაში შევედით და ამას ვერაფერი შეცვლის”, – აცხადებს პარტია ”ლელო – ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი სიორიძე.
“ნაციონალური მოძრაობა” და ბოიკოტში მყოფი სხვა პარტიები “ლელოს” ისევ ღალატში ადანაშაულებენ და მოუწოდებენ, უარი თქვან 4 ოქტომბრის არჩევნებზე.
“მათ ოპოზიციურ ამომრჩეველში სანდოობა აბსოლუტურად დაკარგეს. ისინი იხილავენ იმ კატასტროფულ რეიტინგს, რომელიც მათ ოპოზიციურ ამომრჩეველში აქვთ. ეს გადაწყვეტილება არის არა ოპოზიციური, არამედ სახელისუფლებო საქმე. ეს ხალხი, თავისი ამ ნაბიჯით, უპირისპირდება თავისივე ამომრჩეველს და აყენებს ზიანს თავის რეპუტაციასა და პოლიტიკურ მომავალს”, – აცხადებს პარტია ”ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.