ლევან ხაბეიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრებას ითხოვს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“გუშინ ტვ პირველმა გაასაჯაროვა კონკრეტული დოკუმენტაცია, საიდანაც ირკვევა, რომ ეს ფრენები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და მისი [ღარიბაშვილის] ვოიაჟი დაახლოებით 200 000 ლარამდე დაუჯდებოდა ბიუჯეტს. ასევე ციხე-რესტორანში, სადაც მან მის მეუღლეს გადაუხადა დაბადების დღე, დაახლოებით 700 000 ლარი დაჯდებოდა. საუბარია ორ ღონისძიებაზე, მის დასვენებაზე და დაბადების დღეზე, რაშიც 900 000 ლარამდე დახარჯავდა ირაკლი ღარიბაშვილი.
ეს კაცი, ირაკლი ღარიბაშვილი ნამდვილად არის დასაჭერი. ამიტომ, პროკურორი რომ ჰქვია, ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი თანაშემწე რომ გახლავთ, შოთაძეს ვგულისხმობ, უამრავი სისხლის სამართლის დანაშაული აქვს მას ჩადენილი ამ დრომდე და მინდა მას ვუთხრა, რომ თუ ახლა, ამ წუთებში კონკრეტულ ღონისძიებებს არ დაიწყებს ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ და მას ბორკილებს არ დაადებს, ისიც ისეთივე თანამონაწილეა ამ დანაშაულების, რაც ჩამოვთვალე, რაც ვნახეთ, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი. ამიტომ, ჩვენი მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში გაშვებაში, რომ ის უნდა იყოს დაკავებული”,-თქვა ხაბეიშვილმა.