ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება. პოლიტსაბჭოზე იყო მსჯელობა, დაყენებული იყო გარკვეული საკითხები, დღეს თავად ღარიბაშვილმა გაახმოვანა საკუთარი ინიციატივა. ეს არის სიმართლე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება. მსჯელობა იყო პოლიტსაბჭოს სხდომაზე. სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო, რომ, ჩემდა გასაკვირად, ასეთი ამბები იმ წამსვე ხმაურდება ხოლმე, ეს ბუნებრივი ამბავია, მაგრამ 24 იანვრის შემდეგ დღემდე არავის გაუგია ამის შესახებ. დღეს, როდესაც უკვე პირთა დიდმა წრემ იცოდა ამის შესახებ – ჩვენ პრინციპულად არ ვთქვით ამის შესახებ, რომ ბევრი სპეკულაცია არ მოჰყოლოდა ამას. დიდი ხნის განმავლობაში ეს ამბავი არ გახმაურდა. შემდეგ წავიდა ინფორმაცია და როდესაც ასობით ადამიანი დგება საქმის კურსში, უკვე „მთავარი არხიც“ იგებს და სხვა არხებიც და მხოლოდ დღეს გახდა თავიდან ბოლომდე ცნობილი ამის შესახებ და ეს აღარც დაგვიმალავს. რეალურად, პოლიტსაბჭოზე იყო მსჯელობა, დაყენებული იყო გარკვეული საკითხები, დღეს თავად ღარიბაშვილმა გაახმოვანა საკუთარი ინიციატივა. ეს არის სიმართლე“, – აღნიშნა მდინარაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ღარიბაშვილი პრემიერი მეორედ 2021 წელს გახდა. მანამდე ის მთავრობის მეთაურის თანამდებობას 2013-2015 წლებში იკავებდა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.