ეს ხელს შეუწყობს კონტაქტების გაღრმავებას, ურთიერთგაგებას და ამაზე დავსვამდი მრავალ წერტილს“, – ასე ეხმაურება „ფორმულასთან“ სატელეფონო საუბრისას რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენის უფლების მიცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. „შემოვიფარგლები მხოლოდ ერთით, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელების გადაწყვეტილება ძალიან კარგი სიახლეა ქართველი და რუსი ხალხისთვის. ეს ხელს შეუწყობს კონტაქტების გაღრმავებას, ურთიერთგაგებას და ამაზე დავსვამდი მრავალ წერტილს. რაც შეეხება შემდეგ ნაბიჯს, არ ვიჩქარებდი პროგნოზების გაკეთებისგან, რადგან რთულ დროში ვცხოვრობთ. ვფიქრობ, დღეს გვაქვს საბაბი ვიყოთ კმაყოფილები, რადგან გადაწყდა საჰაერო მიმოსვლის აღდგენა სავიზო რეჟიმის მოხსნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, პოზიტიურია და იმედი მაქვს, ამას ყველა სწორად გაიგებს“, – აცხადებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამის გადაწყვეტილებას პუტინმა ხელი უკვე მოაწერა. გადაწყვეტილება ძალაში 15 მაისიდან შევა. ამასთან, პუტინმა გააუქმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა.