ეს არის პროცესი, სადაც ივანიშვილი პირდაპირ არის მომჩივანი, პროკურორიც და მოსამართლეც -გიორგი ბაჩიაშვილი

5
spot_img

ეს არის პროცესი, სადაც ივანიშვილი პირდაპირ არის მომჩივანი, პროკურორიც და მოსამართლეც – ბოლო 2 წლის განმავლობაში, პროკურატურამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც რაიმენაირად ამტკიცებს, ან ამყარებს ფაბრიკაციას და ტყუილებს,-ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„დღეს იწყება ივანიშვილის პირადი პროცესი. ეს არის პროცესი, სადაც ივანიშვილი პირდაპირ არის მომჩივანი, პროკურორიც და მოსამართლეც. ალბათ, უნიკალური პროცესია, სადაც თავად მომჩივანიც არის დასანქცირებული დემოკრატიის უკუქცევისთვის ქვეყანაში, მთავარი პროკურორია დასანქცირებული ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, სასამართლოს ხელმძღვანელი პირები არიან დასანქცირებულები კორუფციისთვის. აპოთეოზია, თუ როგორ არ უნდა მოქმედებდეს სამართლებრივი სასამართლო.

რაც შეეხება საქმეს, ბოლო 2 წლის განმავლობაში, პროკურატურამ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც რაიმენაირად ამტკიცებს, ან ამყარებს იმ ფაბრიკაციას და ტყუილებს, რომელსაც ივანიშვილი ტირაჟირებს. რომ არა ივანიშვილის პოლიტიკური სრული ძალაუფლება და პოლიტიკური გავლენა პროკურატურასა და სასამართლოზე, ეს საქმე განხილვაშიც კი არ იქნებოდა.

ივანიშვილს ისტერიული შიში ჰქონდა გამოჩენის, ვერ მოდის და სინგაპურის სასამართლოებში მოიგონეს ყველანაირი მიზეზი, რათა რაიმენაირად არ გამოჩენილიყო. ექიმის ცნობები და ასე შემდეგ. დარწმუნებული ვარ, ასეც მოიქცევა აქაც, არ მოვა, ან დისტანციურად ჩაერთვება, რაღაცას მოიგონებენ, რატომ არ უნდა მოვიდეს. მოსამართლეს რასაც უბრძანებენ იმას გააკეთებს“,-აღნიშნა ბაჩიაშვილმა.

როგორც ბაჩიაშვილმა აღნიშნა, ცხადი გახდა, რომ პროკურატურას აინტერესებს მხოლოდ მის პირად ქონებაზე ნადირობა.

„როდესაც ცნობილი გახდა რომ არანაირი მტკიცებულება არ არის საქმეში, არ ვიცოდი თავიდან რას ეხებოდა. ეს იყო ფაბრიკაცია, არ შევუწყობდი პროკურატურას და ივანიშვილს ხელს პირად ქონებაზე ენადირათ“, – აღნიშნა ბაჩიაშვილმა.

ამასთან, ბაჩიაშვილმა განმარტა, რომ ბევრ ბანკში აქვს თანხა და აქტივები, მათ შორის Julius Baer-ში.

„ეს საიდუმლო არ არის. არც მე და არც შვეიცარიის სახელმწიფო არ გახდება იარაღი ივანიშვილის ხელში, არ იქნება შურისძიების იარაღი“,- აღნიშნა ბაჩიაშვილმა.

მისივე თქმით, ის აფინანსებს იმ ფონდებს, რომელიც მიმდინარე მოვლენების გამო სამსახურიდან გამოუშვეს.

„არ განვაცხადებ რომელ ფონდებს ვაფინანსებ. მე ვაფინანსებ ფონდებს, რომელიც ეხმარებიან დაზარალებულ ადამიანებს. იმ ადამიანებს, ვინც სამსახურიდან გამოუშვეს. არ დავასახელებთ, რადგან სახელმწიფოსგან ყველა მიმართულებით მიმდინარეობს ზეწოლა. არ მინდა ჩემი დახმარება ვიღაცაზე ზეწოლის მიზეზი გახდეს“,-აღნიშნა ბაჩიაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სწორედ დღეს იწყება ბაჩიაშვილის საქმის არსებითი განხილვა. სასამართლო სხდომას ესწრება თავად ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილიც. მოსამართლის კითხვაზე, ცნობს თუ არა ბაჩიაშვილი თავს დამნაშავედ, უარყოფითი პასუხი გასცა.

გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.