ეს არის ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო მოვლენა, რომლის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა – პრემიერი

13
spot_img

ვერავითარი ასეთი ნაბიჯით ვერავინ უზრუნველყოფს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას, იმ რეჟიმის დაბრუნებას, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მოუტანა ომი, ნგრევა, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება, ადამიანების მკვლელობა, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო მოვლენა, რომლის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა.

„ჩვენ ხელი გავუწოდეთ ჩვენს პარტნიორებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გასული 4 წლის მანძილზე და იცით ამ ყველაფერში აშშ-ის ყოფილი ელჩის განსაკუთრებული წვლილი. რა წვლილზეც არის საუბარი, გასაგებია. ამ ფონზე ჩვენი მხრიდან გადაიდგა ნაბიჯები და ვთქვით, რომ აბსოლუტურად ღია ვართ საუბრისთვის ნებისმიერ თემაზე. ასეთ პირობებში ასეთი ნაბიჯები არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. გვესმის, რომ არის წინასაარჩევნო პერიოდი და გვესმის ისიც, რომ არის გარკვეული პრობლემები, ამერიკულ ინსტიტუტებს სჭირდებათ დეოლიგარქიზაცია, ასეთ პირობებში შეიძლება ვიხილოთ ასეთი ნაბიჯები წინასაარჩევნო პერიოდში.

ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა, თუმცა ვფიქრობ, ასეთ ნაბიჯებზე ქართველი ამომრჩევლის პასუხი იქნება ძალიან მკაფიო და ძალიან მკვეთრი და ეს პასუხი იქნება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარსულისთვის ჩაბარება. ვერავითარი ასეთი ნაბიჯით ვერავინ ვერ უზრუნველყოფს კოლექტიური ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებას, იმ რეჟიმის დაბრუნებას, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მოუტანა ომი, ნგრევა, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება, ადამიანების მკვლელობა. ყველას ვურჩევ, გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა თავის დროზე ასეთი რეჟიმის ხელისუფლებაში მოყვანისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.