ეს არის დოკუმენტი, რომელიც ხელისუფლების გადაწყვეტილებით ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მზადდება და რომელიც ათასობით ადამიანის ბედ-იღბალს ბევრად შეამსუბუქებს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამნისტია წარმოადგენს ჰუმანურ აქტს და ის ცხადდება არა კონკრეტული პირების მიმართ, არამედ მუხლთან დაკავშირებით.
„დოკუმენტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ითვალისწინებს იმას, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ათასობით ადამიანს შეეხოს. როდესაც ასეთ დოკუმენტთან გვაქვს საქმე, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანური მიზნებით მზადდება, სპეკულაციებიც მალევე ვლინდება, რადგან ცალკეულ ძალებს სურთ საკუთარი პოლიტიკური თუ სხვა ინტერესიდან გამომდინარე ეს რესურსი გამოიყენონ.
საშემოდგომო სესიაზე, დოკუმენტის მეორედ განხილვამდე, ამ საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შეუძლია საკუთარი შეხედულება, მოსაზრება გააცნოს და შესთავაზოს პარლამენტს. ამაზე მსჯელობა კიდევ იქნება. მოვისმინე, რომ ომბუდსმენს აქვს გარკვეული წინადადებები. მეორე მოსმენა არის მუხლობრივი განხილვა და ამ პრინციპების შიგნით, ყველა ის მნიშვნელოვანი წინადადება, რომელიც დასაბუთებული, არგუმენტირებული და საკითხთან ახლოს იქნება, ცხადია, ვერ დარჩება მხედველობის მიღმა და ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.