ეს ხომ ორმაგი სტანდარტია, როდესაც დღეს დაგვაყვედრეს ის, რაც დაგვეხმარნენ და ამავდროულად იმ 30 მილიონით, რომელიც უნდა გამოეყოთ თავდაცვისუნარიანობისთვის, ამბობენ, რომ იარაღის ნაცვლად შეუძენენ „მოლოტოვის კოქტეილებს“ არასამთავრობო სექტორს, – ასე შეაფასა გურამ მაჭარაშვილმა პარტნიორებისგან საქართველოსთვის გამოყოფილი თანხების გაყინვა.
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი ამ გადაწყვეტილებებს უსამართლოსა და შეურაცხმყოფელს უწოდებს.
„ეს არის არამარტო უსამართლო, არამედ შეურაცხმყოფელი განცხადება. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროსთვის მთავრობის მიერ 100 მილიონის გამოყოფას, ეს დინამიკური პროცესია. ამიტომაც აქვს ნატოს ხელმძღვანელობას არაერთხელ ნათქვამი, რომ საქართველო არის თავსებადი ნატოს სტანდარტებთან, იმიტომ, რომ თავდაცვას, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ეზრდება ბიუჯეტი და ეს ყველაფერი იხარჯება ჩვენი ჯარისკაცებისა და ინფრასტრუქტურის გაძლიერებაში“, – აღნიშნავს მაჭარაშვილი.
ევროკავშირის ფონდიდან თავდაცვის სფეროსთვის თანხის გაყინვა, გერმანიისა და საფრანგეთის მხრიდან ურთიერთობის ცვლილება, ღირსეული პარტნიორი 2024 ის გადადება – ასე შეიძლება შეჯამდეს მოკლედ საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ ბოლო პერიოდში დასავლეთის პოლიტიკა.