„ეს ადამიანი ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტიც არის“ და „კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორ ხედავენ, როგორ გრძნობენ ამ ქვეყანას” – ლევან კოღუაშვილი

58
spot_img

რეჟისორი ლევან კოღუაშვილი ეხმიანება დათა თავაძის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლს, რომელიც უცენზურო გამონათქვამების, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ლგბტ პროპაგანდის შინაარსს ატარებს.

მისი განცხადებით, „ეს ადამიანი ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტიც არის“ და „კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორ ხედავენ, როგორ გრძნობენ ამ ქვეყანას”.

„არ ვიცი რატომ გააკეთა ეს. ფულის გამო, კომპლექსების გამო, სკანდალის სიყვარულის გამო, რომ ნამდვილი შემოქმედების ნაკლებობა გადაიფაროს. შეიძლება უგემოვნების გამო, რადგანაც რაც ვნახეთ, ყველაფერთან ერთად ძალიან ზედაპირული, ვულგარული, სასაცილო და პროვინციული ცირკია.

შეიძლება მიზეზი ქედმაღლობასა და მარტივად უზრდელობაშია. იმიტომ, რომ შეიძლება მართლმადიდებლობა გძულდეს, მაგრამ ელემენტარული ზრდილობაა და აღზრდაა, რომ იმ ქვეყანას, რომელშიც ცხოვრობ, ოდნავ მაინც პატივი სცე და მისი მოსახლეობის უმრავლესობისთვის ყველაზე ძვირფასს ასეთი უხამსი ფორმით არ აგინო.. ამის ცოდნას დიდი განათლება არ უნდა. თუმცა აქ გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ უზრდელობა…

ერთი რამეა კარგი ამ ყველაფერში. როგორც ვიცი, ეს ადამიანი ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტიც არის, ხოდა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორ ხედავენ, როგორ გრძნობენ ამ ქვეყანას, რამდენად პატივს სცემენ მის ხალხს, ფასეულობებს, რწმენას.. წარმოიდგინეთ ესენი რომ ხელისუფლებაში მოვიდენენ რეებს დაატრიალებენ “თავისუფლების” და პროგრესის სახელით… თუმცა არაფერი ახალი არ არის ამაში. გაიხსენეთ ბოლშევიკები… ჯერ რელიგიას დასცინოდნენ, მერე ხატებს წვავდნენ და ტაძრებს ანგრევდნენ, მერე კიდევ სისხლის მდინარეები დააყეენეს..

ამით ცხადია, ვერც რწმენას დააკლებენ რამეს და ვერც ამ ქვეყანას.. თავის თავს მტრობენ და ეს არის ყველაზე ცუდი.. რატომ? რისთვის? რაში ხარჯავენ ნიჭს, ენერგიას, ცხოვრებას? ყველაზე მეტად თვითონაა ცოდვა და ისინი, ვინც ამ საქმეში ჩაითრია. ერთია, როცა მარტო შენ თავს ვნებ, მაგრამ გაცილებით უარესია, რომ სხვებსაც ხდი თანამონაწილეს. მთელი გულით ვუსურვებ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მიხვდეს რა გააკეთა”, – აცხადებს რეჟისორი.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში დათა თავაძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლიდან „ლიბერტე“ აუდიონაწყვეტი გავრცელდა. შინაარსმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, უცენზურო გამონათქვამების, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ლგბტ პროპაგანდის გამო.