ერთმა მოსამართლემ ჩათვალა, რომ ფარულობა დარღვეული იყო – ის, რომ გუშინ ერთმა მოსამართლემ ასე განმარტა ეს საკითხი, ამის საპირწონედ 22 მოსამართლე და გადაწყვეტილება დგას, რომელიც სხვანაირად ხედავს ამ საკითხს,- ასე გამოეხმაურა საქართველო პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი იმ ფაქტს, რომ თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა.
როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ოცდასამივე წავა სააპელაციო სასამართლოში და სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
„იცით, რომ საია იყო ამ საკითხზე მომჩივანი. ხაზი უნდა გაესვას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არჩევნების დღეს არცერთი საჩივარი არ დაწერილა. რაიმე განცხადება არ მოგვისმენია, მხოლოდ მეხუთე დღეს გაახსენდათ. ყველა საბაბს მათი მხრიდან პასუხი რომ გაეცა, რაც მოიფიქრეს ეს საკითხი იყო. კონკრეტული დარღვევა არ დაუფიქსირებიათ. მათ შორის, არც სასამართლო პროცესზე. რამდენადაც თვალყურს ვადევნებდი კონკრეტული მოქალაქე, თუ ამომრჩეველი, რომლის საჩივარიც ამის უკან იქნებოდა, არ არსებობდა. ზოგადად გაასაჩივრეს ყველგან, მოჭრილად. ოცდასამმა სასამართლომ, თუ მოსამართლემ განიხილა ეს საჩივარი სხვადასხვა რაიონში, ოცდაორმა ჩათვალა, რომ არ იყო ფარულობა დარღვეული, ერთმა მოსამართლემ ჩათვალა, რომ ფარულობა დარღვეული იყო. ოცდასამივე წავა სააპელაციო სასამართლოში, სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ის, რომ გუშინ ერთმა მოსამართლემ ასე განმარტა ეს საკითხი, ამის საპირწონედ 22 მოსამართლე და გადაწყვეტილება დგას, რომელიც სხვანაირად ხედავს ამ საკითხს. ამის უკან დგას ასევე საღი აზრი. თუ ამ ლოგიკას მივყვებით, რომ ასეთი რაიმე ითვლება ფარულობის დარღვევად, მაშინ გასაუქმებელია მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნები, ლიეტუვის პარლამენტის არჩევნები, პოლონეთის და სხვა ქვეყნის. თუ ასეთ ლოგიკას განვავითარებთ, ვხედავთ, რომ არც კონვერტია გამოყენებული, ჩვეულებრივად გამოაქვთ ბიულეტენი, შემოხაზული, გამჭვირვალე თუ ნახევრად გამჭვირვალე ყუთში აგდებენ“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილმა მოუწოდა ოპოზიციას, ჩამოყალიბდნენ მოსწონთ თუ არა სასამართლო სისტემა.
„ოპოზიციას ერთ რაიმეს მოვუწოდებ, ჩამოყალიბდნენ სასამართლოზე, ან მოსწონთ, ან არ მოსწონთ ეს სასამართლო. ან სამართლიანია, ან უსამართლო. როდესაც მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებაა, მაშინ პირდაპირ გმირად გამოჰყავთ ადამიანი, როდესაც არ მოსწონთ გამოჰყავთ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებებად“,-აღნიშნა პაპუაშვილმა.
ინფორმაციისთვის, თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა. როგორც ხუჭუამ განმარტა, სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ხმის დაცულობა და ხმის ფარულობა ამომრჩეველს არ ჰქონდა. მისი თქმით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხერხდეს, საარჩევნო გარემოსა და ადმინისტრაციის იმგვარად წარმართვა, რომ ყოველგვარი მანიპულაცია და უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული და არა ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული.