“ერთიანი ნეიტრალური საქართველო” განცხადებას ავრცელებს

9
spot_img

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს და იმ არნახულ წნეხს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან მომდინარეობს. საზოგადოებრივი მოძრაობა – „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ შექმნის პირველივე დღიდან, ვაფრთხილებდით საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროკავშირში გაწევრიანების უტოპიური საკითხი კონკრეტული ჩრდილოვანი ძალებისათვის, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველებისთვის აუცილებლად გახდებოდა შანტაჟის იარაღი მათ ხელში და ასეც მოხდა − ქართული საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ეს ძალები ევროპული ბიუროკრატიის ხელით ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოში პროცესები უმართავი გახადონ და რადგან არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას ვერ ახერხებენ, საზოგადოება დაუპირისპირონ მთავრობას. ეს კონფრონტაცია კი, მათივე გათვლებით უნდა დასრულდეს რევოლუციით და მმართველობაში აგენტურის დასმით.

საზოგადოება ასევე ნათლად ხედავს, რომ ამ სახიფათო ვითარებაში არაფორმალურ ოლიგარქებს სწორედ ევროკავშირში გაწევრიანების, უვიზო მიმოსვლის და თავისუფალი ვაჭრობის საკითხები საქართველოს თავზე დამოკლეს მახვილივით აქვთ ჩამოკიდებული. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ ემოციურად რეაგირებს ამ თემებზე, განსაკუთრებული შფოთის საგანია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის თემა, რასაც პატრონების დავალებით ადგილობრივი აგენტურა პროპაგანდისთვის იყენებს და ამ გზით ცდილობს ხალხის ემოციებზე ითამაშოს.

ამ ფეთქებადსაშიშ სიტუაციაში ჩვენთვის სრულიად აღმაშფოთებელია ხელისუფლების ინერტულობა და მეტიც − გაურკვევლად დაჟინებული დაპირება, რომ ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. ასეთ ვითარებაში საზოგადოება კიდევ უფრო იბნევა. ერთი მხრივ ევროპელი ბიუროკრატები პირდაპირ გვემუქრებიან, გვაშანტაჟებენ, არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და რევოლუციურ პროცესებს მუხტს აძლევენ, მეორე მხრივ კი „ქართული ოცნება“ დაჟინებით იმეორებს, რომ 2030 წლისთვის ქვეყანა მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მსგავსი პოლიტიკური ოქსიმორონი პირდაპირ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის ქვეყანაში ისედაც არაჯანსაღ სიტუაციას.

დღეს ევროკავშირი სრულ მორალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დეგრადაციას განიცდის. ჩვენ მიერ ხსენებულმა ოლიგარქიულმა მმართველობამ, რასაც ხშირად დიფ სთეითს, იმავე გლობალური ომის პარტიას უწოდებენ, რუსეთ-უკრაინის ომი სრულად ევროპის ტვირთად აქცია და ამ წნეხმა კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება კონტინენტზე. განსაკუთრებით საგანგაშოა ევროგაერთიანების და მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკური ვითარება, რომელიც დღითიდღე მძიმდება. მაგალითად, კავშირის ყველაზე დიდი ქვეყანა, გერმანია ეკონომიკურ რეცესიას განიცდის, შეჩერებულია ის მინიმალური ზრდა, რაც თუნდაც ორიოდ წლის წინ ჰქონდა და ეს ვითარება მნიშვნელოვნად აისახება გაერთიანების სხვა წევრ ქვეყნებზე.

ევროკავშირის სამომავლო პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდოვანი და ნეგატიურია. დღევანდელ ურთულეს ვითარებას უახლოეს პერიოდში დამატებით წნეხად დააწვება არაფორმალური ოლიგარქების ახალი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, წევრმა ქვეყნებმა შეიარაღებაზე მშპ-ის არანაკლებ 5% უნდა დახარჯონ შეიარაღებაზე. კიდევ უფრო თვალსაჩინო რომ იყოს − ეს ნიშნავს ქვეყნების ბიუჯეტის მინიმუმ 15%-ის მიმართვას მილიტარიზაციაზე, რაც ერთი მხრივ კიდევ უფრო დაამძიმებს ეკონომიკურ-სოციალურ ფონს ევროგაერთიანებაში და მეორე მხრივ, ევროკავშირს აქცევს ერთ დიდ სამხედრო მონსტრად, ეს კი, პირდაპირ ანადგურებს მის საფუძვლებს, რაც შექმნის დღიდან იყო – ქვეყნებს შორის ეკონომიკური/პოლიტიკური ურთიერთობა, ქრისტიანული ღირებულებები და მშვიდობის პოლიტიკა.

მოვლენების განვითარების შემდგომი სცენარი ხელისგულზე დევს. ერთი ხელით უკრაინას ევროკავშირში ექაჩებიან, ხოლო მეორე ხელით ომის დაფინანსება მთლიანად ევროკავშირის ვალდებულებად აქციეს. ამ ნაბიჯით ოლიგარქები ორ კურდღელს ერთდროულად მოკლავენ − გახანგრძლივებული ომით ბოლომდე დაანგრევენ ევროგაერთიანებას უკრაინასთან ერთად, ასევე მაქსიმალურად დაასუსტებენ რუსეთს, ვინაიდან ომისთვის საჭირო იარაღის სახსრებს მთლიანად ევროკავშირს გამოაცლიან, ხოლო მეორე მხრივ − გაერთიანებაში დანგრეული უკრაინის ინტეგრირებით წევრ ქვეყნებს დე ფაქტო და დე იურე იძულებულს გახდიან, რომ მის აღდგენაში თითოეულმა ევროპელმა საკუთარი ჯიბიდან მიიღოს მონაწილეობა. ამ პროცესებს კი, აქამდე უკრაინის მთავარი დამფინანსებელი − ამერიკის შეერთებული შტატები არათუ შორიდან მიადევნებს თვალს, არამედ იარაღის ევროპულ ქვეყნებზე მიყიდვით საკუთარ ეკონომიკას ახეირებს. სწორედ ამიტომ ექაჩებიან უკრაინას და მოლდოვას ევროგაერთიანებაში, თუმცა მოლდოვაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს, რადგან მისი ეკონომიკის მოცულობიდან გამომდინარე, ზღვაში წვეთია ის პრობლემები ევროკავშირისთვის, რასაც დანგრეული უკრაინის აღდგენა შეუქმნის. შედეგად, მინიმუმ 30 წლიან პერსპექტივაში, ევროკავშირის ეკონომიკას თვითგადარჩენის რეჟიმში მოუწევს სულის ღაფვა. პარალელურად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ არაფორმალური ოლიგარქების კარნახით, კონტინენტს ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ უმსხვილესი კომპანიები, რომელთა დიდი ნაწილი ამერიკაში გადავიდა, ხოლო ნაწილმა ჩინეთის ბაზარს მიაშურა, რითაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო გაერთიანების ეკონომიკა.

დღევანდელი მოცემულობით ევროკავშირში ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 0.2%-ია, ამ ფონზე კი საქართველოში ქვეყნის ეკონომიკა საშუალოდ 10%-ით იზრდება. ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი ევროკავშირში ეკონომიკურ რეცესიას, ხოლო საქართველოში კიდევ უფრო მეტ ზრდას პროგნოზირებს. თავი რომ დავანებოთ ევროგაერთიანებაში არსებულ პოლიტიკურ ბაკქანალიას, აგენტურის მმართველობას და სუვერენიტეტის სრულად განადგურებას − გვინდა ვკითხოთ საქართველოს მთავრობას და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას − საით ექაჩებით ქვეყანას? რა სარგებელი უნდა მივიღოთ იმ კავშირის წევრობით, რომელიც ეკონომიკურად განადგურებულია? გაქვთ კი გაცნობიერებული, რა დაემართება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, თუ შეტრიალდა პოლიტიკური სიტუაცია და საქართველო შეუერთდა ევროკავშირს? მადლობა ღმერთს, რომ ჯერჯერობით თავად გვეუბნებიან უარს კავშირის წევრობაზე, მაგრამ გამორიცხული არაფერია. ჯანსაღი ვაშლი რომ დამპალ ვაშლებში ჩააგდო, უმოკლეს ვადაში დაკარგავს ის სიჯანსაღეს. დაახლოებით ამ ალეგორიას ჰგავს ის პერსპექტივა, რაც საქართველოს ემუქრება 2030 წლისთვის, თუ მოხდება ქვეყნის გაწევრიანება ევროკავშირში. სწორედ ამიტომ, თავი უნდა დავანებოთ საზოგადოების მოტყუებას და ილუზიებში ცხოვრებას − ეს არის ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობა. უნდა შევწყვიტოთ თუნდაც რიტორიკის დონეზე იმ ნაბიჯებზე საუბარი, რაც საქართველოს გარდაუვალ განადგურებას უქადის“, – აღნიშნულია განცხადებაში.