ძალები, რომლებსაც “ქართული ოცნება” საქართველოს მთავარ მტრებად ასახელებს, დღეს სრულად აკონტროლებენ ევროკავშირს -“ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

17
spot_img

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებამ მკაფიოდ გამოკვეთა მმართველი პარტიის პრიორიტეტები − მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება; ტრადიციული ღირებულებების დაცვა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა. აღნიშნულ პრიორიტეტებს ვიზიარებთ, მაგრამ დეკლარირებული მიზნების შესაძლებლობას მხოლოდ საქართველოს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტში ვხედავთ”,- ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაში წერია, ძალები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ საქართველოს მთავარ მტრებად ასახელებს, დღეს სრულად აკონტროლებენ ევროკავშირს.

“აქვე აღვნიშნავთ, რომ ნახევარი სიმართლის თქმით ვერ მოხერხდება იმ ცრუ პროპაგანდისტული შედეგების განეიტრალება, რაც წლების განმავლობაში დანერგეს საქართველოში და რაშიც ნებსით თუ უნებლიეთ გარკვეულ ეტაპამდე „ქართული ოცნებაც“ მონაწილეობდა.

საზოგადოებას უნდა ვუთხრათ სრული სიმართლე, რადგან მხოლოდ ასე შეძლებს ხალხი საკუთარი თავისა და ქვეყნის დაცვას.
იმ პირობებში, როდესაც სამწუხაროდ დღემდე ჩვენი ქვეყანა იმყოფება ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკურ ტყვეობაში, სახიფათო ნიშნულზე რჩება ქვეყნის არევის და დესტაბილიზაციის საფრთხე. გარე ძალების მიერ თავსმოხვეული ევროატლანტიზმის ერთგულებისა და უალტერნატივობის კონსტიტუციური დოგმა, არის ერთგვარი ნაღმი და ბორკილი, რომელიც საქართველოს ხელს უშლის, ახალ მსოფლიო წესრიგში ღირსეული ადგილი მოიპოვოს და დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, რომელ კავშირში გაწევრიანდეს ან არ გაწევრიანდეს.
ევროინტეგრაციისა და NATO-ში გაწევრიანების კონსტიტუციაში ასახვა იყო შეცდომა, რომელიც ჩვენ გარდა უკრაინასაც დააშვებინეს, რითაც ფაქტობრივად მოგვისპეს ყოველგვარი ალტერნატიული გზის მოძებნის საშუალება და მოგვაქციეს ჩარჩოში, საიდან გასვლაც მკაცრად აგვიკრძალეს.
დღევანდელ რეალობაში, ევროკავშირში გაწევრიანება სწორედ თავში აღნიშნული სამი პრიორიტეტის საწინააღმდეგოდ მოქმედებაზე გადის − ომში ჩართვა; LGBT-პროპაგანდის მხარდაჭერა და გაერთიანების წევრობამდე, სუვერენიტეტის წინასწარ დათმობა ვაშინგტონისა და ბრიუსელის მმართველი ძალების სასარგებლოდ. ამ მხრივ გაოცებას იწვევს თეთრი სახლის, სახელმწიფო დეპარტამენტის და აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების წუხილი საქართველოს ევროკავშირიდან თითქოსდა დისტანცირების შესახებ. ამ დამოკიდებულებიდან კარგად ჩანს, რომ ევროკავშირის ნაცვლად გადაწყვეტილებები აშშ-ში მიიღება.
სწორედ ევროკავშირის ბიუროკრატიის პოლიტიკური კონიუნქტურა განსაზღვრავს საქართველოსთან ურთიერთობებში რეალურ კრიტერიუმებს და არა ყბადაღებული 9 თუ 12-პუნქტიანი „რეკომენდაციები“.
შესაბამისად, წარმოუდგენლად მიგვაჩნია ქვეყნის ეროვნული მიზნების მიღწევა იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხი კონსტიტუციურ დოგმად რჩება და აღნიშნული თემა კვლავ რელიგიის რანგში განიხილება.
რთულად პროგნოზირებადი არ არის, რომ ევროკავშირის მხრიდან წინასაარჩევნოდ გამოყენებული იქნება მათ ხელთ არსებული ბერკეტი, რაც საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმას გულისხმობს. სამწუხაროდ, საქართველო ასეთი უსამართლო დამოკიდებულების ადრესატი არაერთხელ გამხდარა, რამაც ჩვენი ქვეყანა დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესების ზღვარზე გაატარა.
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, პრაგმატული პოზიციაა, ჩვენი ქვეყნის მიმართ დასავლეთის ასეთი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზი. ბრიუსელის ბიუროკრატიის უსაფუძვლო ბრალდებების პარალელურად, თითქმის ყოველ კვირას ქვეყნდება ავტორიტეტული, კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, სიღრმისეულ ანალიზზე დამყარებული შეფასებები, სადაც საქართველოს ყველა სფეროში წინსვლა ფიქსირდება (ეკონომიკის მდგრადობა, ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესება, სამართლიანობა, ბიზნესის წარმოების სიმარტივე და თავისუფლება, ხელისუფლების გამჭვირვალობა, მედიის თავისუფლება და ა.შ.) და ამ კუთხით საქართველო არათუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს, არამედ ბევრ განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოსაც უსწრებს.
26 ოქტომბრის არჩევნები ვაშინგტონისა და ბრიუსელის მმართველი ძალების მხრიდან დანახულია, როგორც კიდევ ერთი შესაძლებლობა საქართველოში მოიყვანონ გავლენის აგენტებით და მარიონეტებით დაკომპლექტებული ხელისუფლება, რომელიც უპირობოდ მოემსახურება მათ ინტერესებს.
ჩვენს უკანასკნელ წერილში, რომელიც აგვისტოს ომს მივუძღვენით, ვრცლად განვიხილეთ, თუ როგორ მოხდა საქართველოს ომში ჩაბმა, რა როლი მიუძღოდათ სააკაშვილის რეჟიმს და მის პატრონებს ამ ყველაფერში. ხელისუფლებაში რევოლუციური გზებით აგენტურული ქსელის მოყვანის უმძიმეს შედეგებს ასევე ვხედავთ უკრაინაში, სადაც ომები და დაუსრულებელი ტრაგედია „მაიდნის“ რევოლუციით დაიწყო. დღეს უკრაინა არც NATO-ს წევრია, არც ევროკავშირის, ამის ნაცვლად კი, თითქმის სამი წელია დამანგრეველ ომშია, დაღუპულია ასიათასობით ადამიანი, განადგურებულია სოფლები და ქალაქები, დაკარგულია ტერიტორიები, ლტოლვილად იქცა 10 მილიონზე მეტი უკრაინელი, ჩამოიშალა ეკონომიკა და სამწუხაროდ ქვეყნის მომავალი ამ დრომდე ბუნდოვანია. საპირწონედ კი, ისმის ცინიკური განცხადებები, რომ უკრაინა აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი, მაგრამ ძალიან ადრეა იმის თქმა, თუ როდის მოხდება ეს. ასეთივე ცინიზმით გაჯერებული და უსამართლოა საქართველოს მიმართ დამოკიდებულება. 16 წელი გავიდა ბუქარესტის სამიტიდან, სადაც ითქვა, რომ საქართველო გახდებოდა NATO-ს წევრი, მაგრამ დღემდე, „MAP-ზე უკეთესია“ ის მაქსიმუმი, რაც საქართველომ მიიღო. ევროკავშირმა კი, ერთხელ უკვე უარი გვითხრა კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე, როდესაც ის მიენიჭა თავიანთივე რეიტინგებით ჩვენზე უკან მდგარ უკრაინასა და მოლდოვას. დღემდე, მათი რიტორიკა საქართველოსთან მიმართებით სადამსჯელო ხასიათისაა, რაც განპირობებულია არა იმით, რომ საქართველო არ ასრულებს ოფიციალურად ნაკისრ ვალდებულებებს, არამედ იმით, რომ საქართველო უპირობოდ არ ემორჩილება ვაშინგტონისა და ბრიუსელის მმართველი ძალების მიერ დაწესებულ რეალურ მოთხოვნებს, რაც სუვერენიტეტის დათმობას, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას, LGBT-იდეოლოგიის რელიგიის რანგში აყვანას და ქვეყნის ომში ჩართვას გულისხმობს.
ამიტომ ვაცხადებთ, რომ ჩვენ თავი უნდა დავაღწიოთ თავსმოხვეულ ცრუ პროპაგანდას, თითქოს ერთადერთი ხსნა ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებაა; უნდა გაუქმდეს კონსტიტუციური ნონსენსი და მკაფიოდ უნდა ითქვას სიმართლე, რომ ჩვენ იქ არც არავინ გველოდება ჩვენი ტრადიციული ღირებულებებით, ქრისტიანული მორალით, ოჯახის პატივისცემით და ეროვნული იდენტობით, არამედ მათ დღევანდელ მმართველებს საქართველო მხოლოდ ინსტრუმენტად სჭირდებათ გლობალურ დაპირისპირებაში.
ძალები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ საქართველოს მთავარ მტრებად ასახელებს (გლობალური ომის პარტია, Deep State) დღეს სრულად აკონტროლებენ ევროკავშირს, ამიტომ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან შეუსაბამობაშია ისეთი ორგანიზაციისკენ სვლა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ძალები მართავენ”,- წერია განცხადებაში.