ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

138
spot_img

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს იწყება. გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრირებულია გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი.

 

2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც.

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცნობებს გამოსაცდელებს, რომ წელს აღარ მოქმედებს გამოცდებთან დაკავშირებული კოვიდ რეგულაციები. სხვა ინფექციური დაავადებების მქონე პირების მსგავსად, კოვიდინფიცირებული გამოსაცდელები უნდა დაუკავშირდნენ ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე (995 32) 2 47 33 33 და გამოცდის დაწყებამდე წარადგინონ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ე. მინდელის N 9), რათა იმავე სესიაზე ჩაუტარდეთ გამოცდა სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში.

 

წელს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 16 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა; სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე 2 500-მდე პირია დარეგისტრირებული. 2023 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკა აბიტურიენტთა არჩევანის მიხედვით ასე გამოიყურება: ისტორია აირჩია 22 200-მდე აბიტურიენტმა; მათემატიკა – 15 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ბიოლოგია – 3 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ქიმია – 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა; გეოგრაფია – 2 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ფიზიკა – 700-მდე აბიტურიენტმა; ლიტერატურა – 1 300-მდე აბიტურიენტმა; სამოქალაქო განათლება – 2 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება კი 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია.