ახალ-ახალ სიგიჟეებს აკეთებენ და მარაზმის მწვერვალებს აღწევენ, ნაკრების მაისურზე ფეხით შედგომა იმიტომ, რომ კალაძე აწერია, არის მავნებლობის და ფაშიზმის ახალი გამოხატულება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ერთი ადამიანის შეურაცხყოფის მოტივით, დროშას ფეხით არავინ უნდა გადაუაროს.
„ნაკრების მაისურზე საქართველოს დროშაც არის დატანილი და გერბიც. ყველას ვთხოვ, ცოტა დაფიქრდნენ, ვიდრე ამას გააკეთებენ ხოლმე. ერთი ადამიანი რომ შეურაცხყონ, ამისთვის დროშაზე, გერბზე ფეხით სირბილი არის ცუდი რამ. დაფიქრდნენ, ვიდრე ფაშიზმის ამ ახალ მწვერვალს დაიპყრობენ“, – განაცხადა მდინარაძემ.
საარჩევნო კოლეგია დღეს საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს აირჩევს. საქართველოს პარლამენტთან, პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პრეზიდენტის არჩევის პროცედურა არის არალეგიტიმური, რადგან თავად პარლამენტიც არალეგიტიმურია.