ერთადერთი, რასაც საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის ქმედებებს უპირისპირებს არის საქმე – მაკა ბოჭორიშვილი

9
spot_img

საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის აქტივიზმს უპირისპირებს საქმეს, რეალურად ჩვენ მუშაობთ იმ მიმართულებით, რომ საქართველოში იყოს შესაძლებლობა სტაბილური განვითარების – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ბრიუსელში ყოფნა ახალი ინსტრუქციების მისაღებად დაბარებას ჰგავს.

„ეს უფრო ჰგავს დაბარებას ბრიუსელში ახალი ინსტრუქციების მისაღებად ბიუროკრატიისგან, თუ როგორ უნდა იმოქმედონ მათ შემდგომში. ეს არის კოორდინირებული მოქმედება, რასაც ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის თუ პოლიტიკური აქტივისტების მხრიდან. დიდი ალბათობით ისინი მიიღებენ ახალ ინსტრუქციებს, რომლის მიხედვითაც დაგეგმავენ ახლო მომავალში სხვადასხვა ქმედებებს“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, მაკა ბოჭორიშვილი გამოეხმაურა მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს.

ბოჭორიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოზიტიურად წარმოჩენა და ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის მაღალ დონეზე აღნიშვნა არის დამკვიდრებული პრაქტიკა.

„მილანში იმყოფებოდნენ მაღალი დონის სტუმრები და რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მაღალი დონის სტუმრების შესაბამისად მასპინძლობა, ასევე ჩრდილოეთ იტალიის უმნიშვნელოვანეს რეგიონებში საქართველოს წარმოჩენა მაღალ დონეზე. იმ ადამიანებისგან, რომლებიც საკუთარი სამშობლოს საბოტაჟით არიან დაკავებული, არ არის გასაკვირი ეს აჟიოტაჟი და მიანიშნებს ერთადერთ რამეს, ყველაფერი, რაც საქართველოს ინტერესებშია იწვევს იმ ხალხის გაღიზიანებას. მათი მიზანი არის საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაზიანება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.