
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მიზანი ქვეყანაში მეტი კრიზისის შექმნაა. შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ მაშინ გააკეთა, როდესაც ოპოზიციის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა/არმონაწილეობის შესახებ საუბრობდა.
„ეს არის დღეს რადიკალური ოპოზიციის იმ ნაწილის ამოცანა, რომელიც საჯაროდ აცხადებს, რომ ფიქრობს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ანუ, იმ შემთხვევაში თუ მონაწილეობას არ მიიღებენ, მიზანი არის, რომ რამენაირად კრიზისული სიტუაცია შექმნან, თუ მიიღებენ მონაწილეობას, აქაც გაცხადებული მიზანი აქვთ, რომ იქნებ სადმე წარმატებას მიაღწიონ, რომ მერე ამით კრიზის შექმნან ქვეყანაში. როდესაც ასე მავნებლობენ და საბოტაჟს უცხადებენ საკუთარ ქვეყანას, რომელშიც ცხოვრებენ მათი ნათესავები, ახლობლები, ის ხალხი და საზოგადოება, სადაც ისინი გაიზარდნენ, რა თქმა უნდა აქ სხვა ახსნა, გარდა იმისა, რომ არიან გარედან მიღებული მითითებების შემსრულებლები, არ არსებობს. ჩვენ ერთადერთ რამეს უნდა დავაკვირდეთ – რა დაკვეთები მოდის და ამის მიხედვით გავშიფროთ მათი ნასაუბრები, იმიტომ რომ ეს არ არის მათი გონის და ტოპ-ტვინის ნახარში და შედეგი. ეს არის გარე დავალების შედეგი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.