,,ერთ-ერთი ტელევიზია ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ განცხადებას ავრცელებს”- არჩილ გორდულაძე

3
spot_img

„დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე, დღეს წარვადგინე კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ბრიტანული სტანდარტის საქართველოს რეალობაში ასახვას, შესაბამისი სწორი და ეფექტური მექანიზმების გათვალისწინებით, რაზეც, არაერთი ჟურნალისტი თუ დაინტერესებული პირი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს ჩვენ ვინმე უნდა შევზღუდოთ, ცენზურა დავამკვიდროთ ჩვენს ქვეყანაში და თითქოს არავითარი არასწორი ინფორმაციის გავრცელების ფაქტები ამ ქვეყნად უბრალოდ არ არსებობს“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მაგალითად, დღეს, tv „პირველის“ ჟურნალისტმა, ახალი ამბების გადაცემის დროს, ფაქტად წარმოაჩინა, თითქოს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არაფერს ამბობენ აფხაზეთში, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ე.წ. არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და ეს ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა დაგმობილი.

„რეალობა კი, სულ სხვაა. რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მაღალი ტრიბუნიდან – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის ფარგლებში, მთელი მსოფლიოს გასაგონად დაგმო აღნიშნული ფაქტი და მათ შორის, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებსაც მოუწოდა აღნიშნულის დაგმობისკენ, რაც ხშირ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

მარტივი კლასიკური მაგალითია, რომ ტელევიზიის მიერ ამ ინფორმაციის გავრცელება ხდება იმ დროს, როდესაც კანონპროექტი იხილება, რომლის მიზანია, რომ კანონმა დეზინფორმაციისგან ქართული საზოგადოება დაიცვას. ეს საკითხები მედიის თვითრეგულირებაში არის, რომელზეც მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ მართულ ტელევიზიებს ხელი აქვთ მოწერილი, რომ ამ ყველაფერს უზრუნველყოფენ და ჩვენ ვხედავთ, რომ არასწორი ფაქტი პირდაპირ ეთერში ჟღერდება – ასეთი ფაქტების გავრცელება, სამწუხაროდ, არაერთია.

ნებისმიერი მათ მიერ გავრცელებული თუ გადაცემული ახალი ამბები თუ სხვა ტიპის გადაცემები გაჯერებულია დეზინფორმაციით. ზუსტად ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღოს „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ შემუშავებული და ინიციირებული ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ამგვარი უმსგავსო დეზინფორმაციებისგან ქართულ საზოგადოებას დაიცავს და ხელს შეუშლის, მათ შორის, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული განცხადებების გავრცელებას. როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ თუ „ლელოს“ პირდაპირ დაფინანსებული და მართული ტელევიზია ბედავს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და ხელისუფლებასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს, რა თქმა უნდა, უნდა არსებობდეს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები, რომ ასეთი ტიპის საქციელს შესაბამისი პასუხი გაეცეს. შესაბამისად, ამ ადამიანებმა უნდა აგონ პასუხი კანონისა და ქვეყნის წინაშე. ასეთი განცხადების გაკეთება, უბრალოდ, ქვეყნის საწინააღმდეგოდ არის მიმართული და კარგად დაფიქრდნენ, როდესაც ამგვარი სახის ინფორმაციის გაავრცელების დავალებას მიიღებენ, რა ქვეყანაში არიან, რომ ეს ქვეყანა ჩვენია! დიახ ჩვენი სამშობლოა და გაითავისონ საქართველო მათთვის სამშობლო არის თუ არ არის!“ – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.