საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, ეროვნული ბანკის მმართველობას საფრთხე დეკემბერში საბჭოს ორ წევრის საქმიანობის ვადის გასვლის მიუხედავად, არ დაუდგება.
ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას, რომელიც 2023 წლის დეკემბერში, ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის არჩილ მესტვირიშვილისა და რობერტ სინგლეტარის საქმიანობის ვადის გასვლის შემდეგ ეროვნულ ბანკში წარმოქმნილ შესაძლო ჩიხს შეეხებოდა.
„ეროვნული ბანკის მმართველობას და მის ქმედუნარიანობას საფრთხე არ დაუდგება არც დეკემბერში, არც იანვარში, არც 2025 წლის დეკემბერში“, – აღნიშნა თურნავამ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის სამი მოქმედი ვიცეპრეზიდენტიდან (არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა, ნიკოლოზ გაგუა) ყველაზე ადრე, მიმდინარე წლის დეკემბერში, ვადა გასდის არჩილ მესტვირიშვილს. ხოლო არააღმასრულებელი წევრებიდან ასევე დეკემბერში ვადა გასდის რობერტ სინგლეტარს. ამჟამად ეროვნული ბანკის 9-წევრიან საბჭოში შვიდი წევრია.