ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 127-ე შეხვედრა გაიმართა

15
spot_img

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 127-ე შეხვედრა გაიმართა. ქართულმა მხარემ შეხვედრაზე უკანონოდ დაკავებულთა უპირობო გათავისუფლება მოითხოვა.

ასევე იმსჯელეს თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევებზე.

„ინტენსიურად ვმუშაობთ, რათა ჩვენი 10 თანამოქალაქე მალე დაბრუნდეს საკუთარ ოჯახებში. გარდა ამისა, შევეხეთ უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს, რაც დაფიქსირდა საანგარიშო პერიოდში. სამწუხაროდ, ამასთან მიმართებით მონაწილეების მხრიდან პოზიცია, ცხინვალიდან და ასევე რუსეთის ფედერაციიდან არის უცვლელი, თუმცა თითოეული შემთხვევა გავიარეთ დეტალებში და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ცენტრალური ხელისუფლების პრინციპული პოზიცია ამგვარი დასტრუქციული ქმედების მიუღებლობის შესახებ. დღეს ეგრეთ წოდებული გადასასვლელები ფუნქციონირებენ მხოლოდ ნაწილობრივ და ისიც ყველას არ აქვს უფლება ისარგებლოს ამ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ გაჟღერდა პოზიცია, რომ აღნიშნული გადასასვლელები უნდა ფუნქციონირებდეს პერმანენტულად“, – განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.