ერდოღანმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გააკრიტიკა

5
spot_img

თურქეთის პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას პარიზის ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია გააკრიტიკა და მას სამარცხვინო უწოდა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ცერემონიაზე ნაჩვენებმა სცენებმა დეგენდერიზაციის საფრთხის მასშტაბი გამოავლინა. მსოფლიოს იმ ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც თურქეთის შეშფოთებას იზიარებენ, მან ოჯახური ღირებულებების დაცვისკენ მოუწოდა.

„საზოგადოების ფუნდამენტურ საყრდენზე – ოჯახის ინსტიტუტზე თავდასხმა სულ უფრო ინტენსიური ხდება. 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე ნაჩვენებმა სცენებმა გამოავლინა საფრთხის მასშტაბები, რომლის წინაშეც კაცობრიობა დგას. სპორტული ღონისძიება, რომელსაც ბავშვები და ყველა ასაკისა და რწმენის ასობით მილიონი ადამიანი უყურებდა, გამოყენებული იყო ყველაზე მახინჯი გზით დეგენდერიზაციის პროპაგანდისთვის. ამ უზნეო სცენებმა ღრმა ჭრილობა მიაყენა არა მხოლოდ კათოლიკურ და ქრისტიანულ მსოფლიოს, ასევე მუსლიმებს და ყველას, ვინც პატივს სცემს სიწმინდეს. ხდება დეგენდერიზაციის საკითხის გლობალური თავსმოხვევა. ის იქცა ფაქტობრივად ომად სიწმინდისა და ბუნების წინააღმდეგ. ყველას, ვინც ხმას იმაღლებს ამ დესტრუქციული პროექტის წინააღმდეგ ან მცირეოდენ რეაქციას ამჟღავნებს, აჩუმებენ და ლინჩის წესით გასამართლების კამპანიის სამიზნედ აქცევენ. უფლის წყალობით, ჩვენ არ დავიხევთ უკან ადამიანისა და ბუნების დაცვაში სხვა ქვეყნებთან სოლიდარობით. ვიწვევ ქვეყნებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს შეშფოთებას, გამოგვიწოდონ დახმარების ხელი ამ ბრძოლაში“, – განაცხადა ერდოღანმა.