ექსტრემისტულ ჯგუფებად ქცეულ ჩვენს ოპონენტებს სურთ საქართველოს ნგრევა და იმ პროცესში მონაწილეობა, რასაც რუსეთთან დაპირისპირება ჰქვია-გია ვოლსკი

11
spot_img

ექსტრემისტულ ჯგუფებად ქცეულ ჩვენს ოპონენტებს სურთ საქართველოს ნგრევა და იმ პროცესში მონაწილეობა, რასაც რუსეთთან დაპირისპირება ჰქვია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ეს საქართველოს მომავლისთვის საფრთხის შემცველია.

„რევოლუციური პროცესის განვითარება როცა იგეგმება რომელიმე ქვეყანაში – და ამ შემთხვევაში საქართველოში – რამდენიმე საკითხია, რომლებიც კონკრეტული სამოქმედო გეგმითაა გაწერილი. ეს მზაკვრული სამოქმედო გეგმაა, რადგან ქართული საზოგადოების ინტერესებს უკავშირდება. რუსული პოლიტიკის გატარების თემა ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია, რომელიც ამ მზაკვრულ სცენარშია გაწერილი. ის 2012 წლიდან გამოიყენება და ამ თემით საკუთარი ქვეყნის შერყევა ვერანაირად ვერ მოახერხეს. ახლა ამას დაემატა არჩევნების გაყალბების თემა, რომელიც ასევე არათუ არ დასტურდება, არამედ აბსოლუტურად სხვა ვითარებაა შექმნილი. ახლა კიდევ გაწირეს თავიანთი მარიონეტები იმისთვის, რომ სახელმწიფოში შეიქმნას არასტაბილური ვითარების განცდა. გაწირეს იმ თვალსაზრისით, რომ კანონს დააპირისპირეს, რომელიც არა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, არამედ დიდი ხანია, საქართველოში არსებობს და რამდენიმე ადამიანი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ სასჯელს ციხეში მოიხდის. ამ ვითარებიდან უნდათ ამ სცენარის განვითარება, რასაც, საბოლოო ჯამში, საქართველოს უკრაინიზაცია უნდა მოჰყვეს. ეს სურათი იმდენად ნათელია, რომ ამასთან დაკავშირებით ეჭვი არ ეპარება არც ოპოზიციას და არც იმ ხალხს, ვინც უმრავლესობას მხარს უჭერს, მაგრამ კონკრეტული პოლიტიკა ჩამოყალიბდა. ექსტრემისტულ ჯგუფებად ქცეულ ჩვენს ოპონენტებს სურთ საქართველოს ნგრევა და მონაწილეობა იმ პროცესში, რასაც ჰქვია რუსეთთან დაპირისპირება. არსებობს საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს საქართველოს მომავლისა და ჩვენი ოჯახებისთვის საფრთხის შემცველია. არჩევნები მოდის, ეს არჩევნები კიდევ ერთხელ იქნება სერიოზული ინდიკატორი იმისა, დავასკვნათ, რომელია მართალი მხარე“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.