“ექსპლუატაციის სტატუსი, 2020 წლის აგვისტომდე აშენებულ 400-მდე შენობას მიენიჭა, 700-მდე ობიექტის საქმე კი განხილვაშია” – კალაძე

61
spot_img

ქალაქ თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ადამიანებს, რომლებიც ექსპლუატაციის სტატუსის არმქონე შენობებში ცხოვრობენ, მიმდინარე თვის 27 რიცხვამდე შეუძლიათ მერიას მიმართონ.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 2 წლის წინ მიღებული კანონმდებლობის თანახმად, შენობებს, რომლებიც 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით დასრულებულია, თუმცა ავტოსადგომების რაოდენობასთან, სიმაღლის რეგულირებასთან და სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებული დარღვევები აქვთ, ექსპლუატაციაში მაინც მიიღებენ.

კახა კალაძის თქმით, კანონმდებლობის დამტკიცების შემდეგ, ექსპლუატაციის სტატუსი 400-მდე შენობას მიენიჭა და 700-მდე ობიექტის საქმე ახლაც განიხილება.

„იცით, რომ დედაქალაქისთვის ერთ-ერთ უდიდეს პრობლემასა და გამოწვევას დაუსრულებელი ობიექტების მშენებლობა წარმოადგენდა. უფრო კონკრეტულად, შენობების მშენებლობა დასრულებული იყო, თუმცა ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული. ათეულობით წლების განმავლობაში ადამიანები ცხოვრობდნენ შენობებში, რომლების ექსპლუატირებული არ იყო. ამის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო უკანონო მშენებლობა იმ მიზნით, რომ კომპანიებს მეტი სარგებელი მიეღოთ, ასევე, გადამეტებული k1 და k2 კოეფიციენტები, ნებართვისაგან განსხვავებული პროექტით მშენებლობა და ა.შ. ეს, პირველ რიგში, პრობლემა იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მსგავს კორპუსებში ცხოვრობდნენ. ქონებას მშენებარე ობიექტის სტატუსი ჰქონდათ, რაც იურიდიულად სრულფასოვანი მფლობელობის უფლებას მათ არ აძლევდა. ასევე, იქ მცხოვრები ადამიანები ვერ ქმნიან ამხანაგობებს და ამ ამხანაგობების განვითარების მიმართულებით არსებული პროექტებით ვერ სარგებლობენ.

ამ პრობლემის გადასაჭრელად, ორი წლის წინ, პარლამენტში, საქართველოს სივრცით-დაგეგმარებით, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებები შევიდა. ამ ცვლილებების მიხედვით, შესაძლებელი გახდა, რომ ექსპლუატაციაში მიიღონ ისეთი შენობებიც, რომლებიც 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით დასრულებულია, თუმცა აქვს რაღაც დარღვევები, მაგალითად, ავტოსადგომების რაოდენობა, სიმაღლის რეგულირების ხაზი და სხვა. მიუხედავად ამისა, ადამიანების სიცოცხლესთან დაკავშირებული რისკიდან გამომდინარე, იქვე დაზუსტდა, რომ ექსპლუატაციაში მიიღება მხოლოდ ის შენობა-ნაგებობები, რომლებიც შესაბამისი საექსპერტო დასკვნების მიხედვით, უსაფრთხოების ნორმებს აკმაყოფილებენ. ამ კანონმდებლობის მიღების შემდეგ, ექსპლუატაციაში 400-მდე ობიექტი მივიღეთ და განხილვის პროცესში 700-მდე საქმეა.

მერიაში განცხადებების წარმოსადგენად ადამიანებს 2 წელი ჰქონდათ. მიმდინარე თვის 27 რიცხვში ეს ვადა იწურება და მათ, ვისაც ამ შესაძლოებით არ უსარგებლიათ, შეუძლიათ შეაგროვონ შესაბამისი დოკუმენტები და მოგვმართონ“, – განაცხადა თბილისის მერმა.