ენმ-ს ფრაქციიდან შესაძლოა ის დეპუტატები გარიცხონ

106
spot_img

პარლამენტში ენმ-ის ფრაქციის ოთახში, დახურულ კარს მიღმა შეხვედრა მიმდინარეობს. თანაფრაქციელები ახსნა-განმარტებებს მოითხოვენ იმ დეპუტატებისგან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს იუსტიციის უმაღლე საბჭოში, “ქართული ოცნების” ფავორიტ კანდიდატებს. არსებული ინფორმაციით, სხდომის დასრულების შემდეგ ენმ ბრიფინგს გამართავს და ცნობილი გახდება, გარიცხავენ თუ არა ფრაქციიდან დეპუტატებს. ენმ-ის წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, ის რაც დღეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გააკეთეს, არის “თანამშრომლობა ქართულ ოცნებასთან” და ვეღარ ხედავს ამ ადამიანების ადგილს ფრაქციაში: “მე პირადად ვერ ვხედავ შესაძლებლობას იმის, რომ თანამშრომლობა გაგრძელდეს, იმიტომ, რომ ის საკითხი, რაზეც ამ ადამიანებმა დააფიქსირეს საკუთარი თანხმობა და ხმა მისცეს კლანის წევრებს, არის ფუნდამენტური საკითხი, ეს აძლიერებს კლანის გავლენებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და შესაბამისად, სასამართლო სისტემაში” ამბობს თინა ბოკუჩავა შეგახსენებთ, “ქართულმა ოცნებამ” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი ოპოზიციასთან მოლაპარაკების გარეშე დაამტკიცა. საკითხი კენჭისყრაზე ისე გაიტანეს, რომ კანდიდატებზე პარტიებთან შეთანხმება ვერ შედგა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას 90 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა, თუმცა ფარულ კენჭისყრაში კანდიდატებმა 90- ზე მეტი ხმა მიიღეს მაშინ, როდესაც “ოცნების” უმრავლესობას სულ 84 ხმა აქვს. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ შეთანხმებულები იყვნენ “ოცნების” ფავორიტი კანდიდატებისთვის მახარი არ დაეჭირათ. მიუხედავად ამისა, კენჭისყრის შედეგები აჩვენებს, რომ არჩეულ კანდიდატებს ხმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც მისცეს. კენჭისყრის დროს ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა, რის შემდეგაც ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. იქამდე კი მმართველმა გუნდმა 5 ვაკანტურ პოზიციაზე სამი ახალი წევრის არჩევა მოახერხა: ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა). კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს დეპუტატები არიან: ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი.