საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეები საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ლუარ და შერის რეგიონში ტაფებითა და ქვაბებით დახვდნენ.
საფრანგეთის პრეზიდენტი ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრის მოსანახულებლად ქალაქ ვენდომში იყო ჩასული.
ადგილობრივი მედიის ცნობით, რეგიონულმა ხელისუფლებამ მაკრონის ვიზიტის წინ საპროტესტო აქციებისა და დემონსტრაციების გამართვა აკრძალა.
იმ სამედიცინო ცენტრთან, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი სტუმრობდა, მობილიზებული იყო პოლიცია. მიუხედავად ამისა, მოქალაქეთა ნაწილი ქუჩაში მაინც შეიკრიბა და ტაფებსა და ქვაბებს ახმაურებდა.
საფრანგეთის მოქალაქეთა დიდი ნაწილი არ ეთანხმება მაკრონის მთავრობის გეგმას, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე იზრდება.