დღევანდელი ღვთისმსახურების სიტყვებით, წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, განვაგდოთ ჩვენ ძველი კაცი, განვახლდეთ და ახალი, ღვთივსათნო ცხოვრებით დავიწყოთ ცხოვრება, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობის წარგზავნის დღეს, ოცინდალის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის ტაძრის კურთხევაზე ქადაგებისას აღნიშნა.
მეუფე შიოს თქმით, “ეს ნამდვილად არის შესანიშნავი მოვლენა, ვინაიდან ამ ტაძარმა გაიზიარა იმ მრავალი ტაძრის ბედი, რომელიც დაიხურა XX საუკუნის განმავლობაში. ის თითქმის 100 წლის განმავლობაში იყო დახურული, უმოქმედო, მიტოვებული, მაგრამ მადლობა ღმერთს, არ დანგრეულა. დღეს ჩვენ მოგვეცა საშუალება ამ ტაძრის კურთხევისა, დღეს ვმადლობთ უფალს ამ მოვლენისთვის და კიდევ ერთხელ გილოცავთ ამას”.
„ტაძრის კურთხევა ეკლესიის მიერ არ განიხილება მხოლოდ, როგორც ღვთისადმი მადლიერება ტაძრის აშენებისთვის, არამედ, ეს არის მღვდელმოქმედება, როდესაც ტაძარს მიენიჭება განსაკუთრებული მადლი, რომლის ძალითაც უბრალო შენობა ხდება ღვთის სახლი და დაუტევნელი ღმერთის ადგილსამყოფელი. თქვენ ალბათ გსმენიათ, რომ ტაძრის კურთხევას ასევე ეწოდება განახლება, იმიტომ, რომ ეს სივრცე, ეს ადგილი, ხდება წმინდა და ღმერთის განსაკუთრებული მადლის გამოვლინების ადგილი.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტაძრის კურთხევისთვის სრულდება მღვდელმოქმედება, ისევე, როგორც ადამიანისთვის, რომელიც ნათლობის და მირონცხების დროს ქრისტეს შეიმოსავს. ამიტომ ჩვენ ვხედავთ ამ მსახურებაში ისეთ მღვდელმოქმედებას, გვესმის, ისეთი ლოცვები, რომლებიც ძალიან აახლოებს ტაძრის კურთხევას ნათლობასა და მირონცხებასთან, ასევე – მღვდლად კურთხევასთანაც, ვინაიდან ტაძარიც იკურთხება უფლის მარადიული მსახურებისთვის.
წმინდა ეკლესიისა და წმინდა წერილის სწავლებით, ეკლესიის რელიგიური გამოცდილებით, ეკლესიის ისტორიიდან ჩანს, რომ ტაძარში ადამიანი ყოველთვის იღებდა და იღებს განსაკუთრებულ მადლსა და ღვთის შეწევნას. ღვთის ტაძარში ყოველთვის არის ეს მადლი. ქრისტეს ეკლესია თავისი ლოცვებით აკურთხებს ჩვენს მიწიერ ცხოვრებას და მას ძალუძს, არა მარტო შეამსუბუქოს ჩვენი მძიმე ხვედრი გარდაცვალების შემდეგ, არამედ უფლისგან მონიჭებული უფლებით გახსნას ან დახუროს ზეცის კარი ჩვენ წინაშე.
გზა მარადიული, ნეტარი ცხოვრებისკენ ტაძარზე გაივლის. ძვირფასო ძმებო და დებო, ტაძარში ყველაფერი გვახსენებს ზეცას და ყველაფერი აღამაღლებს ჩვენს გონებას ღმერთისკენ: არქიტექტურაც, ფერწერაც, გალობაც, ხატებიც და, რა თქმა უნდა, ღვთისმსახურებაც. ყველაფერი მოგვიწოდებს ღმერთისკენ. ტაძარში აღევლინება წმინდა ლიტურგია, უსისხლო მსხვერპლი და ტაძარი – ეს არის დიდი სკოლა რწმენისა, სულიერებისა, რაც ისწავლება ღვთის სახელით და ღვთისგან დადგენილი სასულიერო პირების მიერ.
ასევე, ჩვენ გვაქვს ბედნიერება, რომ ტაძარში ვილოცოთ, რაც არის აუცილებელი პირობა მადლის მოპოვების. რა თქმა უნდა, სახლში ლოცვაც აუცილებელია, მაგრამ ის შეიძლება იყოს უფრო სუსტი. ტაძარში ლოცვა ძლიერდება ჩვენი ერთობლივი ლოცვით, მღვდელმსახურთა ლოცვით, ლიტურგიაზე აღსრულებული უსისხლო მსხვერპლით და ტაძრის ლოცვის დროს უერთდება ერთმანეთს მიწიერი და ზეციური ეკლესია.
დღეს ჩვენ როდესაც ვაკურთხეთ ეს ტაძარი, გვახსენდება წმინდა პავლე მოციქულის სიტყვები იმის შესახებ, რომ ყოველი ჩვენგანი არის ტაძარი ღვთისა და სული ღვთისა უნდა მკვიდრობდეს ჩვენში. დღეს ჩვენ ამაზე გვაფიქრებს ეკლესია, ამას გვახსენებს. ამიტომ დავფიქრდეთ, რა მდგომარეობაშია ეს ჩვენი სულიერი ტაძარი, ხომ არ არის დაზიანებული, ხომ არ არის ჩამონგრეული და ნაყარი ქვებით ამოვსებული, ხომ არ არის შებილწული ბოროტი საქმეებით…
აი, ამაზე ვფიქრობთ დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო, და დღევანდელი ღვთისმსახურების სიტყვებით, წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, განვაგდოთ ჩვენ ძველი კაცი, განვახლდეთ და ახალი, ღვთივსათნო ცხოვრებით დავიწყოთ ცხოვრება”, – აღნიშნა მეუფე შიომ.