აშშ-ის გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ეგვიპტეს ჯერ გადაწყვეტილი ჰქონდა რუსეთისათვის რაკეტები მიეცა, მაგრამ შემდეგ უკრაინისათვის იარაღის გაგზავნაზე დათანხმდა“ (ავტორები – მის რაიანი და ევან ჰილი). სტატიაში გადმოცემულია ეგვიპტესთან დაკავშირებული საკმაოდ გახმაურებული ამბავი, თუ როგორ გადაწყვიტა კაიროს ხელისუფლებამ რუსეთისათვის მალულად მიეწოდებინა იარაღი, მაგრამ შემდეგ აშშ-ის თხოვნით, თავისი გადაწყვეტილება შეცვალა და უკრაინისათვის საბრძოლო მასალების წარმოება დაიწყო. ამ ფაქტის შესახებ მოწმობს პენტაგონის დოკუმენტი, რომელიც სოციალურ ქსელებში გაიჟონა, ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის ჯეკ ტეიშერის მიერ.
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს ეგვიპტის ხელისუფლებამ, პრეზიდენტ აბდელ-ფათახ ას-სისის თანხმობით, მაგრამ საიდუმლოდ, საერთაშორისო საზოგადოებისაგან მალულად, მიიღო გადაწყვეტილება რუსეთისათვის 40 ათასი 122-მილიმეტრიანი რაკეტების Sakr-45-ების მიწოდების თაობაზე, რუსული რაკეტული კომპლექსების აღსაჭურვად.
ამერიკის დაზვერვის მონაცემების თანახმად, მომლაპარაკებელი მხარეები – მოსკოვი და კაირო – შეთანხმდნენ ფასზე (ერთი რაკეტა – 1100 დოლარი), თუმცა ეგვიპტემ რუსეთი გააფრთხილა, რომ ფასი შეიძლება 1500 დოლარამდე გაზრდილიყო, სპილენძის ღირებულების მომატების გამო.
დოკუმენტების მიხედვით, რუსეთმა ეგვიპტეს 15 ათასი რაკეტა შეუკვეთა, მაგრამ პრეზიდენტ აბდელ-ფათახ ას-სისის განკარგულებით, იმდენი სპილენძი და სხვა მასალები იქნა შესყიდული, რომელიც 40 ათასი რაკეტის დამზადებასაც ეყოფოდა.
როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ აღნიშნავს, ეგვიპტის პრეზიდენტს იმედი ჰქონდა, რომ შეთანხმება საიდუმლო დარჩებოდა და ამას ამერიკის შეერთებული შტატები ვერ გაიგებდა. აბდელ-ფათახ ას-სისის არ სურდა, რომ ვაშინგტონი გაეღიზიანებინა, რომელთანაც კაიროს კარგი ურთიერთობები ჰქონდა: როგორც ცნობილია, აშშ ეგვიპტეს სამხედრო დახმარებას რეგულარულად უწევს წელიწადში ერთი მილიარდი დოლარის ოდენობით.
მაგრამ მარტის თვეში ეგვიპტის პრეზიდენტმა, რომელსაც კაიროში ჩასული აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი და სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნები ესაუბრნენ, გადაწყვიტა რუსეთისათვის რაკეტების მიწოდება შეეჩერებინა. ამის მიზეზი შემდეგშია: როგორც „გაჟონილ“ დოკუმენტებშია აღნიშნული ლოიდ ოსტინმა აბდელ-ფათახ ას-სისის სთხოვა, რომ უკრაინისათვის 152 და 155 მილიმეტრიანი საბრძოლო-საარტილერიო ჭურვები მიეყიდა. მართალია, ეს გარიგება ოფიციალურად არ გამჟღავნებულა, მაგრამ დაზვერვა ამტკიცებს, რომ კაირო შეთავაზებას დათანხმდა.
დოკუმენტებში ასევე აღნიშნულია, რომ ეგვიპტეს, აშშ-სთან დათმობის გამო, იმედი გაუჩნდა, რომ ვაშინგტონისაგან „ფანტომ-35“ ავიაგამანადგურებელს და სხვა იარაღს, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს – „პეტრიოტებს“ მიიღებდა.
ამერიკელების სტუმრობის შემდეგ ეგვიპტის ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსეთში 12-13 მარტს დაგეგმილი ვიზიტი გადადეს, რომლის დროსაც რაკეტების მიწოდების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა უნდა მომხდარიყო.
„საჭიროა დიდი სიფრთხილის გამოჩენა, რომ ეგვიპტე უსიამოვნო მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს“, – უთქვამს პრეზიდენტ აბდელ-ფათახ ას-სისის თავისი ქვეყნის თავდაცვის მინისტრისათვის. თავის მხრივ, მინისტრმა უთხრა, რომ ეგვიპტეს ჯერ-ჯერობით რაიმე პრაქტიკული ნაბიჯი არ გადაუდგამს და კონტრაქტიც ხელმოწერილი არ არის.
გაზეთის სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ეგვიპტეს რუსეთთან დიდი ხნის დიპლომატიური და სამხედრო ურთიერთობები აკავშირებს. ამასთან, კაიროს ასევე მტკიცე კონტაქტები აქვს ვაშინგტონთანაც, – ეგვიპტე აშშ-ის მთავარი მოკავშირეა ახლო აღმოსავლეთში.
წყარო