ე.წ. სასიგნალო იარაღთან დაკავშირებით კანონმდებლობა მკაცრდება

1
spot_img

ე.წ. სასიგნალო იარაღთან დაკავშირებით კანონმდებლობა მკაცრდება. შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

ცვლილებების მიხედვით, სასიგნალო იარაღი, მისი ვაზნების დამზადება და ამ იარაღით ვაჭრობა ლიცენზირებული საქმიანობა იქნება. კერძოდ, პროექტით, ნებართვას დაექვემდებარება: ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება; უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან მისი ვაზნის საქართველოში შემოტანა-გატანა; სასიგნალო იარაღის ან მისი ვაზნის იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი; უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ სასიგნალო იარაღისა და ვაზნის საქართველოში შემოტანა-გატანა და საქართველოში გადაადგილება; სასიგნალო იარაღის ან მისი ვაზნის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა; საქართველოს მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან ვაზნის საქართველოში შემოტანა-გატანა (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტის).

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სასიგნალო იარაღთან ან მის ვაზნასთან დაკავშირებულ ლიცენზიებს თავდაცვის სამინისტრო გასცემს, ხოლო ნებართვებს – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით, სასიგნალო იარაღის შეძენის, მისი საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის ნებართვის მოპოვებისთვის ასაკობრივი ცენზი დგინდება. აღნიშნული ნებართვის მოპოვების უფლება პირს 18 წლიდან ექნება.

ამასთან, პროექტით, სასიგნალო იარაღის ტარება დასახლებულ პუნქტში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში, აგრეთვე სასიგნალო იარაღის გადატანა-გადაზიდვა დასაშვები იქნება მხოლოდ სპეციალური შალითით, განმუხტულ მდგომარეობაში, ვაზნებისგან განცალკევებულად, რა დროსაც იარაღი უნდა იყოს არასრულად დაშლილი ან იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს მისი მოხსნის გარეშე იარაღის გამოყენება. ინიციატივით, სასიგნალო იარაღის გამოყენება კერძო დაცვით საქმიანობაში დაუშვებელი იქნება.