როგორ ხედავს „ქართული ოცნება“ მის წინააღმდეგ მიმართულ ოპოზიციის ქმედებებს, – ამ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
ქადაგიშვილმა ახალი გაერთიანების ჩამოყალიბებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ თუ ოპოზიციის საზეიმო განწყობას არ მივაქცევთ ყურადღებას, ახალი ფაქტობრივად არაფერი ხდება.
„თუ საზეიმო განცხადებებს ყურადღებას არ მივაქცევთ და უბრალოდ მშრალად შინაარსს შევხედავთ, მარტივია, არაფერი სიახლე არ ხდება. არის ერთიანი დიდი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც შინაარსობრივად ერთიანია, მაგრამ შიდა შეუთავსებლობის გამო, ანუ ადამიანური ფაქტორების გამო, რამდენიმე ნაწილადაა დაშლილი.
ეს არის ორთოდოქსი „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი“ ჯაფარიძე აგრეთვე „ნაციონალური მოძრაობაა“, მელია– გვარამია აგრეთვე „ნაციონალური მოძრაობაა“ და ხოშტარია ასევე „ნაციონალური მოძრაობაა“. ისინი ისედაც იყვნენ ერთმანეთთან სხვადასხვა ფორმით დაჯგუფებულები, ახალა საარჩევნო საზეიმო განწყობით გამოგვიცხადეს. არაფერი რაიმე სიახლე აქ არც პოლიტიკური კონფიგურაციის სახით და არც ელექტორალური ახალი მიგნებების სახით არ გვაქვს.
ეს ის „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელიც დანაწევრებული იყო, და ახლა ეს დანაწევრებული ნაწილები აცხადებენ, რომ ჩვენ ახალა რაღაც ახალს ვქმნით, რაღაც გაერთიანებას ვქმნით, რაღაც გრანდიოზულს ვაკეთებთ, მაგრამ ეს ყველაფერი უბრალოდ სიტყვების თამაშია. შინაარსობრივად პერსონების დონეზე კი არის ერთი და იგივე ადამიანების თავშეყრის ადგილი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
კითხვაზე, გაერთიანდება თუ არა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამ პარტიებთან, ქადაგიშვილი უპასუხებს, რომ ზურაბიშვილისგან მათთან გაერთიანების რაიმე ნაბიჯები არ ჩანს.
„თვითონ სალომე ზურაბიშვილი როგორც ჩანს არ აპირებს არანაირ საარჩევნო სიაში ყოფნას. მისი დავალება არის რომ საპრეზიდენტო პოზიციიდან გარკვეული საბოტაჟი გასწიოს ყველაფერზე რაზეც კი შესაძლებელი იქნება. ის როგორც კი არ იქნება პრეზიდენტის პოზიციაზე მისი პოლიტიკური ფასი საერთოდ ნულდება. ამ შემთხვევაში მის ვეტოს და გადაწყვეტილებებს რაღაც დამაზიანებელი ძალა გააჩნია, მაგრამ როცა არ იქნება პრეზიდენტი არანაირი ძალა და პოლიტიკური ღირებულება აღარ ექნება“, – აღნიშნა უმრავლესობის წევრმა.
ქადაგიშვილი პაველ ჰერჩინსკის განცხადებებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ მსგავსი განცხადებები საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს აზიანებს.
„საბოლოოდ რაიმე ახალი და განსაკუთრებული, ის რაც აქამდე არ გვინახავს არ იქნება. ელექტორალური ველიც დაახლოებით ისეთივე იქნება. ასეთი ტიპის განცხადებები, რა განცხადებებითაც დღეს ბატონი ჰერჩინსკი გამოვიდა, ან შეიძლება ხვალ კიდევ რაღაცა ამდაგვარი განაცხადონ, მიმართულია იქითკენ, რომ აი ამ ძველ „ნაციონალურ მოძრაობას“ რამენაირად სიცოცხლისუნარიანობა მისცენ, შთაბერონ და სპეკულირებენ. ამ მიზნების მისაღწევად საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებს აზიანებენ“, – თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.