„ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა „საქართველოს კულტურის დეკლარაციას“ მოაწერეს ხელი

13
spot_img

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა „საქართველოს კულტურის დეკლარაციას“ ხელი მოაწერეს.

როგორც მამუკა ხაზარაძემ კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, კულტურის სფერო უნდა გახდეს ძლიერი, თავისუფალი და წარმატებული.

„კრიზისი, რომელშიც ხელისუფლებამ შეიყვანა ქართული კულტურა, უნდა დასრულდეს. საჭიროა რეფორმები, სფეროს დამოუკიდებლობისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ინიციატივები, სახელოვნებო ინსტიტუციების მდგრადობის სტიმულირება და, სწორედ კულტურით, ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირების გაზრდა“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

პოლიტიკური გაერთიანების პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ძლიერი საქართველო“ სრულად იზიარებს ქართველი ხელოვანების საინიციატივო ჯგუფის, „კულტურა დემოკრატიისთვის“ მიერ მომზადებულ „საქართველოს კულტურის დეკლარაციას“, რომელიც კულტურის სფეროს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ გასატარებელი ღონისძიებებისთვის წინადადებებს და რეკომენდაციებს მოიცავს.

„კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ჩვენი ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ ვიზიარებთ „საქართველოს კულტურის დეკლარაციით“ განსაზღვრულ კულტურის სფეროს როლს, ღირებულებებს და სფეროს განვითარებისა და დამოუკიდებლობისთვის გადასადგმელ ყველა ქმედით ნაბიჯს. მზად ვართ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ სახელოვნებო სფეროს ყველა წარმომადგენელსა და დარგობრივ ჯგუფთან“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.