„ძლიერი საქართველო“ ბარიერგადალახული ოპოზიციურ პარტიების 25-ეულებს 20:00 საათზე „შეკრების, ერთად დასხდომის და ბრძოლის ერთად გაგრძელების“ წინადადებით მიმართავს

10
spot_img

დღეს, 20:00 საათზე, ყველა კოალიციის საარჩევნო სიაში შემავალ ოცდახუთეულებს მოვუწოდებთ „ქორთიარდ მარიოტში“ ერთად შეკრებისკენ, რათა ერთად დავსხდეთ, ვისაუბროთ და ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა, ამ ქვეყნის გადასარჩენად, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიმდინარე მოვლენებზე საერთო პოზიცია აქვთ.

„ჩვენ სწრაფად შევიკრიბეთ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იმ მოვლენების ფონზე, რომლებიც ახლა საქართველოში, თბილისში მიმდინარეობს. ჩვენ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს. ბევრი მათგანი ვერ მოვიდა მიმდინარე ამბების გამო, მაგრამ ჩვენ გვაქვს საერთო პოზიცია მიმდინარე მოვლენებზე. ყველანი ვგმობთ იმ ტერორს, ძალადობას და იმ უკანონობას, რასაც ხელისუფლება ეწევა. ეს არის მათი ბოლო აკორდები.

ხელისუფლება, რომელიც მიმართავს ძალადობას საკუთარი ხალხის, საზოგადოების, ახალგაზრდობის წინააღმდეგ, აუცილებლად წავა! ჩვენი ბრძოლა თავის შედეგებს აღწევს და ის, რომ ისინი ასეთ სასოწარკვეთილ ნაბიჯებს დგამენ, სწორედ ამის მაჩვენებელია. დღეს ჩვენ ყველანი ვართ ერთად და ვაგრძელებთ ამ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და დემოკრატიის დასაცავად.

დღეს, 20:00 საათზე, ყველა კოალიციის საარჩევნო სიაში შემავალ ოცდახუთეულებს მოვუწოდებთ ერთად შეკრებისკენ, რათა ერთად დავსხდეთ, ვისაუბროთ და ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა ამ ქვეყნის გადასარჩენად, ამ ქვეყნის ევროპული, დემოკრატიული მომავლის გადასარჩენად, ჩვენი ახალგაზრდების დასაცავად, ჩვენი საზოგადოების, ჟურნალისტების, თავისუფალი სიტყვის, აზრის გადასარჩენად ამ ქვეყანაში. 20:00 საათზე, „ქორთეართ მერიოტში“ ყველა ოპოზიციის წარმომადგენელი ერთად ვიკრიბებით!“, – განაცხადა ცუცქირიძემ.