„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ, მისასალმებელია, მხარს ვუჭერთ, რომ ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ,“ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, წლების განმავლობაში, ყოველთვიურად საზოგადოებას ესმოდა არაერთ შემთხვევის შესახებ, როდესაც დამატებითი ფინანსები სჭირდებოდათ ბავშვებს, ოჯახებს, რომ ეს ძვირადღირებული მკურნალობა მიეღოთ საზღვარგარეთ.
„ახლა შეიძლება ითქვას, რომ საბოლოოდ მიღებულია ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება მიიღებდა. მივესალმებით, რომ პრემიერ-მინისტრმა, მთავრობამ ეს ნაბიჯი გადადგა. ყოველწლიურად, ბავშვები, მათი ოჯახები, ვინც სასიცოცხლოდ აუცილებელ მკურნალობაზე ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროებენ, მიიღებენ ასეთ დაფინანსებას და ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ჯანდაცვის სფეროში და იმ უფლების რეალიზებისთვის, რასაც ჰქვია უფლება ჯანმრთელობაზე. ჩვენი ხელისუფლებისთვის ჯანდაცვა და ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება ყოველთვის იყო პრიორიტეტი, ჩვენ დავუბრუნეთ ჯანდაცვა მოქალაქეებს და მომავალშიც განვაგრძობთ ჩვენს პოლიტიკას, რომლის მთავარი საზრუნავი და პრიორიტეტი არის ადამიანი, მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 300 ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი, სრულად დაფინანსება სახელმწიფოს მიერ.