„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია პრეზიდენტის მიერ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხს გამოეხმაურა.
„ძალიან კარგია, რომ ნიკა გვარამიას თავისუფალია, მაგრამ ქვეყანა არ არის თავისუფალი. მთავარი რიტორიკული შეკითხვა, რომელიც მინდა დავსვა არის ის, რომ ამ ამბის შემდეგ გავხდით, თუ არა არსებითად კარგი ქვეყანა და რეალურად დავუახლოვდით, თუ არა ჩვენს ნამდვილ დასავლურ იდენტობასა და ევროპისკენ დაბრუნების გზას?! – პასუხი სამწუხაროდ არის უარყოფითი. ჩვენ გვახსოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების წარსული შემთხვევები, თუმცა ამის შემდეგ ვითარება ქვეყანაში წინ არ წასულა“, – განაცხადა ბოკერიამ და დასძინა, რომ გვარამიას შეწყალება არ იძლევა ზეიმის საფუძველს.
ამასთან, მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეაქცია არაადეკვატური იყო.
„ცალკე მინდა აღვნიშნო „ნაციონალური მოძრაობის“ არაადეკვატური რეაქციაც, ზედმეტი ქებით გამოირჩნენ, როგორც ჩანს მათ იმედი აქვთ, რომ სააკაშვილსაც შეიწყალებს, რაც თუ მოხდება, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, ოღონდ ეს არის არის დამოკიდებული „ნაციონალური მოძრაობის“ ზურაბიშვილისადმი დაყვავებაზე, ისინი თუ ასე ფიქრობენ, ეს გულუბრყვილობაა“, – აცხადებს ბოკერია.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა.