ძალიან ბევრი წლის შემდეგ საქართველოში პირველად შემოვა რკინიგზის ვაგონები ევროპიდან – შალვა წაქაძე

53
spot_img

კომპანია E60 Shipping Line-ს ახალი საბორნე გადაზიდვის მარშრუტი ვარნას მიმართულებით დაემატა. კომპანია, ასევე ახალი ხომალდის მოლოდინშია, რომელიც საქართველოში მომავალ კვირას შემოვა.

როგორც E60 Shipping Line-ის დირექტორი, შალვა წაქაძეჯორჯიან თაიმსთან საუბარში აცხადებს, საბორნე გადაზიდვებთან დაკავშირებული მათი მოლოდინები გამართლდა, დატვირთვა მაღალია და ამ ფონზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ახალი ბორანი შეეძინათ. მალე, კომპანიის საკუთრებაში ორი ბორანი იქნება  „აია“ და „დიოსკურია“, რომელიც საქართველოში მომავალ კვირას იქნება.

როგორია საბორნე გადაზიდვების პერსპექტივა და ახალი ტვირთების მოზიდვის პოტენციალი, რა სამომავლო გეგმები აქვს კომპანია E60 Shipping Line-? -“ჯორჯიან თაიმსი”  კომპანიის დირექტორს შალვა წაქაძეს ესაუბრა.

შალვა წაქაძე- „ჩვენ დღეს ვოპერირებთ ორი გემით. ერთი დაქირავებულია, მეორე არის ჩვენი საკუთარი გემი “აია”. მას  ჰყავს სრულად ქართული ეკიპაჟი და დაცურავს საქართველოს დროშის ქვეშ.

ვოპერირებთ ფოთი-კონსტანცას მიმართულებით. ამ კვირაში პირველი რეისი შევასრულეთ ვარნიდან.  სამკუთხედზე წავედით,  ფოთი-კონსტანცა-ვარნა და გემი ისევ ფოთში შემოვა.

ფოტოზე: ბორანი AIA. ხომალდი  1995 წელს აშენდა, რომელიც E60 Shipping Line-მა შეისყიდა და გარემონტა 2024 წელს. ბორნის ეკიპაჟი მთლიანად საქართველოს მოქალაქეებისგან შედგება და თავად ბორანი ცურავს საქართველოს დროშის ქვეშ.

შემდეგი კვირაც ასეთი იქნება,  ვარნაში ჩვენს გემს, აქვს სარკინიგზო ხაზი, ეს არის სარკინიგზო ტიპის ბორნის გემი. ვარნაშიც არის სარკინიგზო ხიდი,  საიდანაც შეიძლება ვაგონების დატვირთვა გემზე, ისეთივე ტიპის, როგორიც არის ფოთსა და ბათუმში. ძალიან ბევრი წლის შემდეგ საქართველოში პირველად შემოვა რკინიგზის ვაგონები ევროპიდან

რა ტიპის ტვირთებზეა მოთხოვნა სარკინიგზო ვაგონებით გადაზდვებისასექსპორტი უფრო აქტიურია, იმპორტი, თუ ტრანზიტი?

– სხვა და სხვა ტიპის მოთხოვნებია, მოთხოვნა არის ძირითადად ნახშირ წყალბადებზე და ასევე სხვა და სხვა სახის ტვირთებზე.  არა საკონტეინერო,  რადგან კონტეინერი ვერ იყიდება დიდი მოცულობის გამო. ასეთი ტვირთები იქნება ჩვენი მიმართულება.

თქვენ მეორე გემი უნდა შემოიყვანოთ, ასევე დაიწყეთ  ახალი ვარნაფოთის მარშრუტზე ოპერირება, ეს რეგულარული რეისები იქნება?

– საბორნე გადაზიდვებთან დაკავშირებული მოლოდინები გამართლდა, დატვირთვა მაღალია და ჩვენც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ახალი ბორანი გვეყიდა. ახალ ხომალდს შესაძლებლობა აქვს სარკინიგზო ვაგონებიც გადაზიდოს. შესაბამისად, ჩვენი რკინიგზაც დაუკავშირდება ევროპას.

ვარნა, უკვე დავამატეთ, აქ იქნება რეგულარული რეისები. ვარნა ძირითადად იქნება სარკინიგზო მიმართულება..

რაც შეეხება ახალ გემს, უკვე შეძენილია და მომავალ კვირაში უკვე სახელიც მიენიჭება “დიოსკურია”- ეს არის სამგზავრო სატვირთო ტიპის ბორანი. ასეთი ტიპის გემი, სადაც სამგზავროც ურევია პირველი იქნება ჩვენს დროშაზე.

რა მოცულობის ტვირთის გადატანა და მგზავრების  გადაყვანა შეეძლება  დიოსკურიას“?

– ეს ბორანი განკუთვნილია დაახლოებით 250 მგზავრზე და 80 სატვირთო მანქანაზე. პლუს 30 მანქანა ეტევა კიდევ.  მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ კომფორტული  გემია.   გემს დანიშნულების ადგილზე ჩასასვლელად მხოლოდ 40 საათი სჭირდება და ამ დროის განმავლობაში, მგზავრებს და მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ განთავსდნენ კომფორტულ კაიუტებში და ისარგებლონ ბორტზე არსებული რესტორნით, ბარით, გასართობი სივრცით და Duty Free მაღაზიით.

სანამ ამ საქმეს დაიწყებდით, ცხადია ბაზარიც შეისწავლეთ, იმისათვის რომ კონკურენტულიც იყოს ეს მიმართულება, სამგზავრო ტარიფებია თუა უკვე ცნობილი?

– ტარიფები ჯერ არა, მაგალითად გემი ვერასოდეს გაუწევს კონკურენციას თვითმფრინავს, როცა ადამიანს, უნდა თავისი კერძო მანქანით გაისეირნოს ევროპაში, ასეთ კატეგორიაზეა საუბარი და პირიქითაც ევროპელებიც აქეთ მოდიან ჩვენთან.

აქამდე,  მსგავსი ტიპის სერვისზე მოთხოვნა შემოგდიოდათ?

– დიახ, მოთხოვნა იყო, როგორც ევროპის, ასევე ჩვენი მხრიდანაც. ახლა ზუსტად საახალწლოდ იწყება, ეს პერიოდი და შემდეგი პიკის დრო  არის ზაფხული.

ტვირთბრუნვაზე, რომ ისაუბროთ ექსპორტი უფრო აქტიურია თუ იმპორტი? როგორი ტიპის იმპორტზე საუბარი, რომელიც საქართველოში რჩება თუ საუბარია ტრანზიტზე?

– რა თქმა უნდა, იმპორტი ჭარბობს, რაც შეეხება თვითონ იმპორტის სტრუქტურას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 50/50-ზეა ქართულ-უცხოური.

რაც შეეხება შუა დერეფნის მიმართულებას, რამდენად არის ჩართული თქვენი ოპერირება  შუა დერეფნის საკითხში?

– ჩართულები ვართ, პირდაპირ გეტყვით, რომ  “აია”, ახლა მოემართება საქართველოსკენ და მოყავს – ევროპა საქართველოში – რკინიგზის ვაგონები  და აქედანაც, ჩვენ წავიყვანთ საქართველოს ევროპაში.  საქართველოს და იმ რეგიონს, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ეს არის პირდაპირ ევროპასთან კავშირი და გადებული ხიდი.  ვარნას პორტი და კონსტანცას  პორტი, შუა დერეფნის ნავსადგურებია, ისევე, როგორც ფოთის და ბათუმის ნავსადგურები.

პარტნიორებს, დამკვეთებს რაც შეეხება  თუ გაქვთ, რომელიმე ქვეყანასთან სერიოზული და მრავალწლიანი ხელშეკრულებები, უკვე იცით, რომ წლების განმავლობაში ეს ტვირთები ჩვენკენ წამოვა?

– კი, როგორ არა სარკინიგზო მიმართულებას, უნდა ძალიან სერიოზული მომზადება, როგორც დოკუმენტურად და  იურიდიულად ასევე ტექნიკურ და მარკეტინგულ დონეზე. ამის გაკეთება არ არის მარტივი.  ამ პროცესის მომზადებას დიდი დრო მოვანდომეთ. და შევძელით, რომ 15 აგვისტოს, ბულგარეთში ხელი მოეწერა – ბულგარეთის რკინიგზას, საქართველოს რკინიგზასა და ჩვენს  შორის შედგა სამმხრივი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში ხდება სწორედ ჩვენი საქმიანობის განხორციელება და ვაგონების პირველი პარტიაც უკვე შემოდის საქართველოში.

შემდეგ აქედანაც წავა ვაგონები  და ნელ-ნელა სარკინიგზო მიმოსვლა შავ ზღვაზე აღდგება.

რაც შეეხება ტვირთბრუნვის გაზრდას, პარალელურად ვმუშაობთ ყველა პოტენციურ დამკვეთთან, მათ შორის ქვეყნის გარეთაც. ფაქტობრივად, ძალიან კარგი კავშირები დავამყარეთ შუა აზიურ მხარესთან, ყაზახეთთან, თურქმენეთთან და უზბეკეთთან, ევროპულ დიდ გადამზიდ კომპანიებთან.

რა სიხშირეებით შესრულდება რეისები და  ასევე, როგორი იქნება მოძრაობა ამ სამკუთხედ სქემაში

– რეისი იქნება კვირაში ერთხელ.  რაც შეეხება  სამკუთხედს, ეს  არის დროებითი, როცა ჩვენი ახალი გემი შემოვა, “აიას”   პირდაპირ გადავრთავთ მთლიანად ვარნაზე და სარკინიგზო ტვირთებზე.  ახალი გემი კი იმოძრავებს  კონსტანცას მიმართულებით.

ვარნა,  ახლა პირველი რეისი სრულდება და  8 ვაგონით მოვდივართ, რაც არ არის ცოტა.  სპეც დანიშნულების ვაგონებია.

მაინც ძირითადი დატვირთვა კონსტანციდან მოგვაქვს, დროთა განმავლობაში. ეს დატვირთვა გადავა ვარნაზე და იქნება ძირითადად სარკინიგზო და არა საავტომობილო.  დღეს მაგალითად შერეული ტიპის ტვირთები  მოდის. ეს არის საავტომობილო ტვირთები, ასევე არაგაბარიტულიც მოაქვს, სარკინიგზოც და სხვა და სხვა წვრილი ტექნიკა.

 ევროპულ ან თუნდაც აზიურ ბაზარზე ქართული დროშის ქვეშ მცურავი გემის მიმართ ნდობა როგორია, იყო შემთხვევა, როცა უცხოური კომპანიები სპეციალურად იღებდნენ ქართულ დროშას.

– როგორც ვიცი თურქები, განგებ კი არ იღებდნენ ქართულ დროშებს, ისინი იძულებული იყვნენ აეღოთ, ჩვენი კანონმდებლობით, ასეა და სწორიცაა, როცა  გემი ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა საქართველოს შიდა წყლებში, მას უნდა ჰქონდეს ქართული დროშა. თურქები, ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ თევზჭერა მიდიოდა საქართველოს წყლებში და იღებდნენ ქართულ დროშას. იძულებული იყვნენ აეღოთ  სხვანაირად კანონმდებლობის ჩარჩოდან გავიდოდნენ.

რაც შეეხება ქართული დროშის ნდობას, აბსოლუტურად სანდოა.  ეს პრაქტიკამაც ანახა უკვე.   „აიას“ სრული ნდობა აქვს.   არის ასეთი გაერთიანება „1520 მმ-იანი რკინიგზა“, რომელსაც ვარშავაში აქვს ოფისი, მისი კოდი გვაქვს მონიჭებული, ასევე პარიზის კოდიც გვაქვს მონიჭებული. რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული დროშით აია უკვე ცნო ევროპამ, როგორც სარკინიგზო ბორანი და კიდეც ახორციელებს გადაზიდვებს.

იმ მცირე დროის განმავლობაში, რაც თქვენი კომპანია ბაზარზეა, რა იყო ჩანაფიქრი და რა არის დღეს თქვენი რეალობა, რამდენად გაამართლა ის  მოლოდინები, რაც  გქონდათ

– პირდაპირ გეტყვით, რომ გაამართლა.  ჩვენი საქმიანობის დაწყება იყო მრავალწლიანი დაკვირვების შედეგი, რამაც ამის გაკეთება გადაგვაწყვეტინა. როცა ჩვენ საქმიანობა დავიწყეთ, მთავარი იყო კონსტანცას მიმართულება და ყოველთვის მთავარ მიმართულებად დარჩება. თვითონ კომპანიის სახელი E60  – ეს არის ხაზი, რომელიც აკავშირებს ფოთს და კონსტანცას ერთმანეთთან.  ეს არის მთავარი. თავიდანვე ვფიქრობდით, კომპანიის განვითარებაზე. შევედით ბულგარეთის ერთ-ერთ პორტში, მომავალში ვაპირებთ სხვა პორტებშიც შესვლას, რა თქმა უნდა ვაპირებთ გეოგრაფიის  გაფართოებას. რაც შეიძლება  მეტი ნავსადგური დავაკავშიროთ ქართულ ნავსადგურებთან და შემოვზიდოთ ტვირთები.  სხვა ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ ეკოლოგიური თვალსაზრისითაც ძალიან ბევრი სიკეთე აქვს. ჩვენი მძღოლებიც ნელ-ნელა ეჩვევიან, რომ გემით მგზავრობა ჯობია საავტომობილო გზით მგზავრობას. რომელიც გაცილებით უსაფრთხოა. კომფორტია მძღოლისთვის.

 – რაც რუსეთუკრაინის ომის დროს შავ ზღვაში მინები მოხვდა, უცხოურ მედიაში ხშირად იწერებოდა, რომ შავი ზღვა არ არის უსაფრთხო. თქვენი ოპერირების მაგალითზე რა შეგიძლია თქვათ?

– შავი ზღვა აბსოლუტურად უსაფრთხოა. კი რაღაც მინების რაოდენობა დინებამ სამხრეთით წაიღო, მაგრამ დღეს შავი ზღვა ითვლება უსაფრთხოდ. არანაირი შემთხვევა არ ყოფილა, რომ რომელიმე გემი  მინას შეხებოდა და რამე უბედური შემთხვევა მომხდარიყო. ამიტომ ვიტყოდი, რომ აბსოლუტურად უსაფრთხოა.

რა არის თქვენი კომპანიის კონკურენტული უპირატესობა, რატომ უნდა დაგიკვეთონ თქვენს კომპანიას, თქვენს გემებს  სერვისი და არა სხვას

– რას შევადარებდი ამას, კონკურენტი ვინ არის? კონკურენტი არის სახმელეთო გზა.  ორი გემით დავდივართ და სახმელეთო გზასთან შედარებით უამრავი უპირატესობა გვაქვს.  ჯერ მარტო უსაფრთხოებაზე, რომ ვისაუბროთ, წარმოიდგინეთ რამდენად უსაფრთხოა ჩვენი მომსახურება. ამხელა გზა, თურქეთის შემდეგ ბულგარეთი, რუმინეთის ნაწილი უნდა გაიაროს მანქანამ თუ ევროპაში მიდის. ამხელა ტერიტორიის გავლა რამდენად უსაფრთხოა,  გემზე ხარ ჩამქრალი ძრავით, ისვენებ შენს კაიუტაში, გამოდიხარ სამჯერადი კვება გაქვს უფასო. ისვენებ და ჩადიხარ დასვენებული. საწვავს არ წვავ, მანქანას ცვეთა არ აქვს. ეს არის ჩვენი უპირატესობები.

 – 1 წელში უკვე გყავთ ორი საკუთარი ბორანი, როგორია კომპანიის გეგმები  უახლესი  ორი წლის განმავლობაში, ინვესტიციების მოცულობა, რამდენი შეიძლება იყოს რა გათვლები გაქვთ.

– გათვლები რა თქმა უნდა გვაქვს, მაგრამ ინვესტიციების მოცულობაზე ცოტა ძნელია საუბარი, ფოთის გაზრდას ნამდვილად ვაპირებთ გააჩნია როგორი გემი შეგვხვდება, რამდენიმე მილიონზეა საუბარი. გადაზიდვის გეოგრაფიული არეალის ზრდასთან ერთად აუცილებლად გავიზრდებით.

ახალი გემი შევიძინეთ და „აიას“ გადმოვიყვანთ ახალ მიმართულებაზე, სარკინიგზო ტვირთებზე. კიდევ არის შანსი ბაზრის გაზრდის და თუ მისაღები იქნება ჩვენთვის შეიძლება კიდევ ავიყვანოთ ერთი გემი. გავძლიერდებით და კიდევ უფრო გავიზრდებით.

მთავრობამ დააანონსა, რომ 2029 წელს  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, პირველ გემს მიიღებსო, თქვენი გეგმა, როგორია აპირებთ გადანაცვლებას ანაკლიაში?

– 2029 წლამდე დიდი დროა და ძნელია წინასწარ  რამის თქმა, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდით ანაკლიიდან. გადაზიდვა, ხომ არ არის მარტო ნავსადგური. ნავსადგური არის ადგილი სადაც ტვირთი იცლება და იტვირთება გემზე. ნავსადგურის უკან უნდა იყოს ინფრასტრუქტურა. ისეთი როგორიცაა რკინიგზა, საავტომობილო გზა. როცა ანაკლიის ნავსადგური იქნება და იქ მივა თანამედროვე ტიპის გზა, რასაც ჩვენ ავტობანს ვეძახით. ასეთი ფუფუნება  თუ იქნება ძალიან კარგია ჩვენი ბიზნეს მიმართულებისთვის.

რუმინეთშიც იგივეა, მანქანა ნავსადგურიდან, რომ გამოდის დგება ავტობანზე და უკვე ევროპის ნებისმიერ წერტილში მიდის იმ ავტობანით. ანაკლია, ფაქტობრივად იმავეს გაიმეორებს, ოღონდ აქეთ მხარეს. წარმოიდგინეთ რამხელა უპირატესობა აქვს. ასევე ფოთის და ბათუმის ნავსადგურის უგულებელყოფაც არ შეიძლება. იქ ცალკეული ბიზნეს მიმართულებების განვითარება შეიძლება და არც იმას დავტოვებთ უყურადღებოდ.

ანაკლია რაც იქნება ეს არის ძალიან დიდი და საჭირო პროექტი. უმთავრესია ინფრასტრუქტურა, როგორიცაა ნავსადგურები, რკინიგზა, მისი გამტარუნარიანობა, საავტომობილო გზა. თუკი ეს ყველაფერი მწყობრში იქნება, ტვირთიც წამოვა ამ მიმართულებით