დონორების გადასაწყვეტია, სად რა დაფინანსება მიმართონ – შალვა პაპუაშვილი

11
spot_img

გრანტების მოცულობა თითქმის 29-მილიარდიან საქართველოს ბიუჯეტში არის ნახევარი პროცენტი. ასე რომ, მათი [დონორების] გადასაწყვეტია, სად რა დაფინანსება მიმართონ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

შალვა პაპუაშვილს ჰკითხეს რას ფიქრობს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ USAID დაფინანსება საკონსტიტუციო სასამართლოს შეუწყვიტა, რასაც მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოში ადასტურებენ.

„გრანტების მოცულობა თითქმის 29-მილიარდიან საქართველოს ბიუჯეტში არის ნახევარი პროცენტი. ასე რომ, მათი [დონორების] გადასაწყვეტია, სად რა დაფინანსება მიმართონ. ეს სხვათა შორის გარკვეულწილად კარგი პროცესიცაა, რაღაცნაირად ბუღალტერიაშიც ვერკვევით. ის, რაც ქართველი ხალხისთვის გაუმჭვირვალე იყო, ამით მაინც ხდება გამჭვირვალე – სად რა ფული იხარჯება. რაც შეეხება კონკრეტულად USAID-ს, ასეთი განცხადებების გაკეთებას ვამჯობინებდი, განმარტება გაეკეთებინათ 2020 წელს პარალელური დათვლის შედეგების დამალვასთან დაკავშირებით, რაშიც USAID-ის მაშინდელი ხელმძღვანელობა იყო ჩართული და USAID-ი ISFED-თან ერთად უმალავდა საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს, რომ პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც ვრცელდებოდა, არ შეესაბამებოდა რეალობას.

ამიტომ ჯერ კიდევ ვალში არიან ქართველ ხალხთან, რომ განუმარტონ, რატომ უმალავდნენ საზოგადოებას შედეგებს და რატომ უყურებდნენ ასე წყნარად იმ არეულობას, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ამ ყალბ შედეგებზე დაყრდნობით აწყობდა. საკონსტიტუციო სასამართლო, ისევე როგორც საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები მოქმედებენ იმ 29-მილიარდიანი საქართველოს ბიუჯეტის საფუძველზე, რომელსაც ქართველი ხალხი ავსებს. სულ არის 150 მილიონამდე გრანტები გათვალისწინებული. ვინმეს თუ რამე დახმარება უნდა და როგორმე გამეგება, 15 წელი მაგ სფეროში ვიყავი, ეს არის მათი კეთილი ნება. ამას აქვს უბრალოდ ერთი პირობა, ჩვენ მივესალმებით, ოღონდ მაშინ, როდესაც ეს არის მეგობრული თანადგომის ჟესტი. როდესაც ეს გამოიყენება ზეწოლის ინსტრუმენტად, არ არის სწორი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.