დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე ვისაუბრებ „ჰამასზე“ გამარჯვებასა და ირანის ტერორისტულ ღერძის ყველა კომპონენტთან გამკლავებაზე – ბენიამინ ნეთანიაჰუ

5
spot_img

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს აშშ-ში გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ნეთანიაჰუმ გამგზავრებამდე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ტრამპთან შეხვედრაზე „ჰამასზე“ გამარჯვების, ირანის წინააღმდეგ ბრძოლისა და არაბულ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაფართოების საკითხებს განიხილავს.

„ვისაუბრებთ „ჰამასზე“ გამარჯვებაზე, ყველა ჩვენი მძევლების გათავისუფლების მიღწევასა და ირანის ტერორისტულ ღერძის ყველა კომპონენტთან გამკლავებაზე“, – აღნიშნულია ნეთანიაჰუს განცხადებაში.

Associated Press-ი წერს, რომ სამშაბათს თეთრ სახლში დაგეგმილი შეხვედრა ტრამპის პირველი შეხვედრა იქნება უცხოელ ლიდერთან თანამდებობაზე მისი დაბრუნების შემდეგ. ეს ხდება მაშინ, როდესაც ამერიკელი და არაბი შუამავლები იწყებენ შეთანხმების მომდევნო ფაზაზე მუშაობას ღაზას სექტორში ომის შეწყვეტისა და ათობით მძევლის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.