“დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ აქვს “ბოროტების ღერძის” დამსხვრევის შესაძლებლობა”- The Daily Telegraph

6
spot_img

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 17 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ აქვს „ბოროტების ღერძის“ დამსხვრევის შესაძლებლობა“ (ავტორი – კონ კოფლინი), რომელშიც კომენტირებულია აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება რუსეთთან მოვაჭრე ქვეყნების წინააღმდეგ სატარიფო სანქციების დაწესების თაობაზე.

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

დონალდ ტრამპის მიერ მიღებულ ზომებს რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის მიზნით, – საბაჟო ტარიფების 100 და მეტი პროცენტით გაზრდას, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობის გამგრძელებელ ქვეყნებს ეხებათ, შეუძლიათ ბოლო მოუღოს დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ დესპოტური რეჟიმების ტოქსიკურ ალიანსს.
ის მხარდაჭერა, რომელსაც რუსეთი ჩინეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეასაგან იღებს, აშკარად აჩვენებს, თუ როგორ ერთიანდებიან ავტოკრატული სახელმწიფოები დასავლეთზე უპირატესობის მოპოვების მიზნით.

ჩინეთი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ნავთობსა და გაზზე: მართალია, პეკინი ციმბირის ნავთობს და გაზს შედარებით იაფად იღებს, მაგრამ რუსეთს მაინც დიდი შემოსავალი აქვს ჩინეთთან ენერგომატარებლებით ვაჭრობის შედეგად. გარდა ამისა, პეკინი მოსკოვს ტექნიკურ სამხედრო მხარდაჭერას უწევს დრონებისა და სამხედრო პროდუქციისათვის აუცილებელი ნახევარგამტარებისა და ინტეგრალური სქემების მიწოდებით.

ირანი ასევე აწვდის რუსეთს დრონებს და რაკეტებს, ჩრდილოეთ კორეა კი, გარდა იმისა, რომ რუსეთს იარაღით (რაკეტებით, ჭურვებით) ამარაგებს, უშუალოდ მონაწილეობს უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში – კორეული სამხედრო კონტინგენტის ფრონტზე გაგზავნით.

ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ეკონომიკა საკმაოდ ძლიერია და ნებისმიერი სადამსჯელო ზომებს გაუძლებს. იმიტომ არის დარწმუნებული, რომ წინა წლებში გამოცხადებულმა სანქციებმა დასავლეთისათვის სასურველი შედეგები არ გამოიღო.
მართალია, აშშ-სა და ევროკავშირის სანქციებს მთლად უკვალოდ არ ჩაუვლია (რუსულმა ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები გაზარდა, მოიმატა ინფლაციამ…), მაგრამ კრემლმა მოახერხა ეკონომიკის მობილიზება, პლუს ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის გაფართოებით რიგი ქვეყნებიდან სიტუაციის სტაბილიზებას მიაღწია. დონალდ ტრამპის მეორადი სანქციები სწორედ ამ სავაჭრო სქემის გასანადგურებლად არის მიმართული.
ტარიფების ზრდის საფრთხე აშკარად გამოიწვევს პეკინის, თეირანისა და ფხენიანის შეშფოთებას: როგორც ირანელი აიათოლები, ასევე ჩინელი და ჩრდილო კორეელი კომუნისტები აუცილებლად დაფიქრდებიან – ღირს თუ არა მოსკოვთან ვაჭრობის გაგრძელება საკუთარი თავის საზიანოდ.

მოსკოვისა და პეკინის ურთიერთობა ყოველთვის ცალმხრივი იყო და ახლაც ასეა – ჩინეთი აქტიურად სარგებლობს რუსეთის ეკონომიკური პრობლემებით და მათ თავისი ინტერესების სასარგებლოდ იყენებს. სი ძინპინის გარემოცვაში ბევრი თვლის, რომ რუსეთი ჩინეთისათვის კარგ „ბენზინგასამართ სადგურს” წარმოადგენს.
სავარაუდოდ, ირანიც ნაწყენია რუსეთის ბოლოდროინდელი პოლიტიკით: მოსკოვმა პრაქტიკული მხარდაჭერა არ გაუწია თეირანს ისრაელის შეტევის მოგერიებაში, ანუ, იანვარში ხელმოწერილი სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულების მიუხედავად, კრემლმა მოკავშირე ირანის რეჟიმი ფაქტიურად მიატოვა.

რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეას, კიმ ჩენ ინი ჯერ-ჯერობით ისევ ერთგულებას ეფიცება რუს ლიდერს, მაგრამ ის გარემოება, რომ ჩრდილო კორეელებმა ცოცხალი ძალის დიდი ზარალი განიცადეს რუსეთ-უკრაინის ომში პირდაპირი ჩარევით, ალბათ ეჭვებს გაუჩენს კორეელ კომუნისტ ლიდერს – რამდენად ბრძნული იქნება კრემლთან თანამშრომლობის გაგრძელება, რომელიც უფრო მეტ ტკივილს იწვევს, ვიდრე სარგებელი მოაქვს.
დონალდ ტრამპის ზომები, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა მიმართულია იმისკენ, რომ კრემლი სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებაზე აიძულოს, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ასევე შეუძლია ავტოკრატული რეჟიმების ალიანსის დაშლა-განადგურება, რომლის წევრებს მხოლოდ ერთი საერთო მიზანი აქვთ – დასავლეთს პრობლემები შეუქმნან.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: